დიდ ბრიტანეთში გასაყიდად გამოიტანეს იშვიათი Lamborghini Countach 25th Anniversary, რომელიც 1990 წელსაა გამოშვებული. ავტომობილი განსაკუთრებულ ყურადღებას არა მხოლოდ მისი იშვიათობის, არამედ უკიდურესად მცირე გარბენის გამო იპყრობს – 36 წლის განმავლობაში მან მხოლოდ 1 791 კილომეტრი გაიარა.
Countach 25th Anniversary Lamborghini-ს დაარსებიდან 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად შეიქმნა. მოდელი შეზღუდული რაოდენობით იწარმოებოდა და საერთო ჯამში მხოლოდ 657 ეგზემპლარი დამზადდა, რომელთაგან 57 მარჯვენასაჭიანი ბაზრებისთვის იყო განკუთვნილი.

მოდიფიკაციის ერთ-ერთი მთავარი თავისებურება გაუმჯობესებული აეროდინამიკა იყო. პროექტში მონაწილეობდა ჰორაციო პაგანი, რომელმაც მოგვიანებით საკუთარი კომპანია Pagani დააარსა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ექსკლუზიური სუპერქარების მწარმოებელი გახდა.
ავტომობილი აღჭურვილია 5.2 ლიტრიანი V12 ძრავით, რომელიც 455 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ტექნიკური თვალსაზრისით ის Countach 5000 QV-ის პლატფორმასა და აგრეგატებს იზიარებს.

სუპერქარი 2015 წლამდე იაპონიაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც ევროპაში გადაიყვანეს. ამჟამად მას მესამე მფლობელი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი პრაქტიკულად არ გამოუყენებიათ, წლების განმავლობაში რეგულარულ ტექნიკურ მომსახურებას გადიოდა. მაგალითად, 2018 წელს მხოლოდ ძრავის პროფილაქტიკურ სამუშაოებზე დაახლოებით 25 000 დოლარი დაიხარჯა.

კოლექციონერებისთვის მსგავსი გარბენისა და მდგომარეობის მქონე Countach-ები განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს, რადგან ასეთი ავტომობილების რაოდენობა მსოფლიოში უკიდურესად მცირეა.