LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 ლელო არგენტინასთან: ბორჯღალოებმა პუმებთან წააგეს

23

ბორჯღალოსნებს “პუმებთან” აქამდე გამართულ ოთხ მატჩში სულ ერთი ლელო ჰქონდათ დადებული, ახლა კი არგენტინას ბურთი 4-ჯერ დაუმიწეს, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა – 29:45.

არგენტინა ქვეყნის ჩრდილოეთით, ხუხუიში რაგბს პირველად თამაშობდა და სტადიონზე მაყურებელი მრავლად მივიდა. მეტოქე ჩვენთან შეხვედრას დიდი სიფრთხილით მიუდგა, უძლიერესი შემადგენლობით დაგვიხვდა და ჯარიმები კარში ურტყა. სწორედ ჯარიმების ხარჯზე შეძლეს “პუმებმა” პირველ ტაიმში უპირატესობის მოპოვება, მეორე ტაიმი კი, ბორჯღალოსნებმა 21:19 მოიგეს.

ჩვენს მსგავსად არგენტინის შერკინებასაც საქვეყნოდ აქვს სახელი განთქმული, მაგრამ ამ კომპონენტში ბორჯღალოსნებმა მასპინძლები სრულად დაჯაბნეს და უმეტეს შემთხვევებში მეტოქეს დაჯარიმება აიძულეს. 4 ლელოდან ორი სწორედ შერკინებამ გამოიმუშავა, ორი კი ხაზის მოთამაშეებმა დადეს.

პირველ ტაიმში ხშირად ვჯარიმდებოდით, რითაც კარგად ისარგებლა არგენტინელთა მგეზავმა ნიკოლას სანჩესმა. მისი ხუთი დარტყმულიდან ოთხი ზუსტი იყო. მან მე-16 წუთისთვისთვის ორჯერ შეძლო ბურთის ძელებსშუა გაძვრენა და მასპინძლები 6:0 დააწინაურა. მე-20 წუთზე ჯარიმა ჩვენმა შერკინებამ გამოიმუშავა და მერაბ კვირიკაშვილი გასატანი პოზიციიდან არ შეცდა.

თამაში რომ განახლდა რამირო მოჟანომ ვასილ ლობჟანიძე ჰაერში შებოჭა და სინბინით დაისაჯა. ერთ წუთში ლობჟანიძემ ხაზი გაჭრა და კარგად იარა, იერიში მარცხენა ფლანგზე გაიშალა, თუმცა მეტოქის 22-ში აუტში გადაგვიყვანეს. კაცნაკლულმა არგენტინამ თამაშის ჩვენს ნახევარზე გადმოტანა შეძლო და სანჩესმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა, ხოლო 33-ე წუთზე რეფერიმ გიორგი ნემსაძე გაასინბინა და 10 წუთით კაცნაკლული დაგვტოვა.

მასპინძლებმა მეტობა კარგად გამოიყენა და მოლით ლელო აგუსტინ კრევიმ დადო, 37-ე წუთზე კი ლელოში ხოაკინ ტუკულეტი შევიდა. სანჩესმა ორივე გარდასახა. ტაიმის ბოლოს პირველი ლელო დავდეთ. ლაშა ხმალაძემ ხაზი გაჭრა და კარგად იარა, სამი პასის შემდეგ ლობჟანიძემ ბურთი კიდევ უფრო წინ წაწია და შებოჭილმა დავით კაჭარავას ამოუგდო, ის ორ მცველს შორის გაძვრა და პირველი ტაიმი მასპინძლებმა 26:8 მოიგეს.

მეორე ტაიმი ჩვენი შეცდომით დაიწყო, მოჟანომ ჩვენს 22-ში გრძელი გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე უპრობლემოდ ირბინა. 51-ე წუთზე არგენტინელებმა ვალი დაგვიბრუნეს და მათი შეცდომის შემდეგ 5-მეტრა შერკინება დაინიშნა. ‘პუმებმა’ მთელი პირველი ხაზი გამოცვალეს, მაგრამ ამან ვერ უშველა და საჯარიმო ლელო მივითვალეთ – 33:15. მომდევნო 5 წუთში მოჟანომ ორჯერ გაიბრწყინა და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე კიდევ ორჯერ დაგვალელოვა, მაგრამ ბორჯღალოსნები არ გატყდნენ და დასკვნით 20 წუთში ინიციატივას დაეუფლნენ.

65-ე წუთზე ხმალაძემ ბურთი ფეხით მეტოქის ლელოში ჩაკიდა, მაგრამ ნემსაძე მას ვერ შეწვდა. სამიოდე წუთში 5-მეტრიანი შერკინების შემდეგ მორკინალებმა ახლოში რამდენჯერმე დაარტყეს, მერე ბურთი ხაზში გავიტანეთ და სოსო მათიაშვილმა ლელოში დაამიწა. გარდასახვა მანვე შეასრულა. ბოლოსწინა წუთზე დერეფანში მოვიგეთ ბურთი, კარგი მოლი დავაყენეთ შალვა მამუკაშვილმა ჩვენი გუნდის მეოთხე ლელო დადო, ხოლო მათიაშვილმა გარდასახა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 45:29 არგენტინის სასარგებლოდ.

ეს იყო ივნისის ტესტების დასკვნითი, მესამე შეხვედრა და ჩვენი გუნდი შინ ორი გამარჯვებით ბრუნდება.

ამერიკული ტურნე. III ტესტი

არგენტინა. ხუხუი.

 

არგენტინა – საქართველო 45:29 (26:8)

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. სოსო ბეკოშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. ლაშა ლომიძე.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. თორნიკე მატარაძე, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გიორგი ჩხაიძე, 20. გიორგი ცუცქირიძე; 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. იოსებ მათიაშვილი.

4 ლელო: კაჭარავა, საჯარიმო, მათიაშვილი, მამუკაშვილი
2 გარდასახვა: მათიაშვილი
1 ჯარიმა: კვირიკაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები