LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრო 2016-ის ყველაზე გამორჩეულები

19

ევროპის ჩემპიონატი დღე-დღეზე დაიწყება. წინ დიდი ბატალიებია, გმირები და ანტიგმირები ალბათ ახლაც გამოჩნდებიან, მანამდე კი რეკორდსმენები უკვე სახეზეა. ვნახოთ, ვინ არიან ყველაზე გამორჩეულები…

 

ყველაზე ძვირი ფეხბურთელი
ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეთაგან ყველაზე ძვირი ფეხბურთელი პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდოა. მისი სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონ ევროს აღემატება. მეორე ადგილზეა მადრიდის “რეალის” კიდევ ერთი ფეხბურთელი, გარეთ ბეილი. მისმა მსურველმა გუნდმა 80 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

ყველაზე იაფი ფეხბურთელი
თურქეთის ნაკრებში, ყველასათვის გასაკვირად, მოხვდა ნახევარმცველი ემრე მორი. ის დანიურ “ნორდსიელანდში” თამაშობს და დასრულებულ სეზონში ორი გოლი გაიტანა. მორი მხოლოდ 18 წლისაა და ჯერ მას არავინ იცნობს. ადვილი შესაძლებელია, მალე მისი სატრანსფერო ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდოს, ევროპის ჩემპიონატი ხომ თავის წარმოჩენის საუკეთესო საშუალებაა.

ყველაზე ხანდაზმული გუნდი
ამ ნომინაციაში პირველობას არავის უთმობს ირლანდიის ეროვნული ნაკრები. ბრიტანული გუნდის საშუალო ასაკი 29,4 წელია. ირლანდია სწორედ გამოცდილების ხარჯზე შეეცდება ჯგუფში იტალიის, შვედეთისა და ბელგიის წინააღმდეგობის დაძლევას. “სამყურებში” ყველაზე უფროსი ირლანდიური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა შეი გივენია. ის 40 წლისაა. ყველაზე ახალგაზრდაა “დერბის” 24 წლის შემტევი ჯეფ ჰენდრიქსი.

ყველაზე ახალგაზრდა გუნდი
ინგლისი, გერმანია – ორივე ნაკრების საშუალო ასაკი 25,4 წელია. ინგლისის ნაკრების გამოცდილმა დამრიგებელმა როი ჰოჯსონმა დიდი ნდობა გამოუცხადა ახალგაზრდა ფეხბურთელებს. მარკუს რაშფორდი არა მხოლოდ ინგლისის ნაკრების, არამედ ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა. ინგლისის უპირველესი გუნდის მთავარი ვეტერანი უეინ რუნი 30 წლისაა.

გერმანიის ნაკრების დამრიგებელმა იოახიმ ლიოვმა ახალგაზრდა მოთამაშეებს დიდი კარტ-ბლანში მისცა. “ბუნდესმანშაფტში” ყველაზე ახალგაზრდაა “შალკეს” 20 წლის მოიერიშე ლეროი სანე, ყველაზე გამოცდილი კი – “მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავი ბასტიან შვაინშტაიგერი. ის 31 წლისაა.

ყველაზე ძვირი გუნდი
ამ საპატიო ნომინაციაში პირველობას არავის უთმობს გერმანიის ნაკრები. “ბუნდესმანშაფტის” ღირებულება 562 მილიონი ევროა. მეორე ადგილზეა ვისენტე დელ ბოსკეს გაწვრთნილი ესპანეთი – 557 მილიონი ევრო. მესამეზეა ბელგია. მარკ ვილმოტსის გაწვრთნილი ნაკრების საერთო ღირებულება 461 მილიონი ევროა.

ყველაზე იაფი გუნდი
ასეთი ევროპის ჩემპიონატზე უნგრეთის ნაკრებია. მთელი ნაკრების საერთო ღირებულება 27,3 მილიონი ევროა. არადა, თავის დროზე უნგრელებს მსოფლიოში ყველაზე ძვირი ნაკრები ჰყავდათ, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში “დიდი გუნდის” სახელით შევიდა. სადღეისოდ უნგრეთის ნაკრების ყველაზე იაფი ფეხბურთელი გუნდის 40 წლის ვეტერანი მეკარე გაბორ კირაია. ერთ დროს ბუნდესლიგაში გამორჩეული გოლკიპერი 250 ათასი ევრო ღირს. ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე “მადიართა” შორის თურქული “ბურსასფორის” ბალაჟ ჯუჯაკია. ის 5,25 მილიონი ევრო ღირს.

ყველაზე ტანმაღალი ფეხბურთელი
ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მაღალი ფეხბურთელი რუმინეთის ნაკრების კარის დარაჯი კოსტელ პანტილიმონი იქნება. მისი სიმაღლე 203 სანტიმეტრია. კოსტელი თავის დროზე “მანჩესტერ სიტის” კარს იცავდა. მან გუნდში დამკვიდრება ვერ შეძლო და ჯერ “სანდერლენდში” გადავიდა, მერე კი “უოტფორდს” მიაშურა.

ყველაზე ტანდაბალი ფეხბურთელი
იტალიის ნაკრების შემტევის, ლორენცო ინსინიეს სიმაღლე 164 სანტიმეტრია. ეს მას ხელს არ უშლის, იყოს იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი. საინტერესოა, რომ ინსინიე მთელი 40 სანტიმეტრითაა დაბალი პანტილიმონზე. დაახლოებით ასეთი სხვაობაა 12 წლის ბავშვსა და ზრდასრულ მამაკაცს შორის. ლორენცო იტალიის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი იმედია.

ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი
უნგრეთის ნაკრების მეკარე გაბორ კირაი 40 წლისა და 2 თვისაა. ასაკის მიუხედავად, გამოცდილი გოლკიპერი უნგრეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. მისი წვლილი ძალიან დიდია იმაში, რომ “მადიარებმა” კონტინენტის პირველობის საგზური მოიპოვეს. მთელი შესარჩევი ციკლი ბუნდესლიგაში გამობრძმედილმა მეკარემ დიდებულად ჩაატარა.

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი
ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მარკუს რაშფორდია. ის 18 წლის და 7 თვისაა. ცოტა ხნის წინ მარკუსმა ამხანაგურ შეხვედრაში გაუტანა ავსტრალიას და ინგლისის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე შეიქნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები