იშიაზი საჯდომი ნერვის ანთებაა. მისი გამომწვევი მიზეზია: ხერხემლის გავა-წელის მიდამოს ოსტეოქონდროზი; მენჯის ძვლების დაცილება ორსულობისას, რაც ზოგჯერ საჯდომი ნერვის მიჭყლეტას იწვევს; მალათშორისი დისკის დეგენერაცია; ართრიტი; ტრავმა; შეკრულობა; დიაბეტი; ხერხემლის მეტისმეტი დატვირთვა. იშიაზი, ჩვეულებრივ, ცალმხრივია. ტკივილი შეიძლება დაიწყოს წელის არეში, შემდეგ გადაინაცვლოს დუნდულა კუნთში, თეძოების გავლით დაეშვას მუხლისკენ, წვივისკენ, ტერფისა და ფეხის თითებისკენ.
იშიაზის დროს ტკივილი სხვადასხვა ხასიათისაა: მჭრელი, მწველი, მჩხვლეტი. შესაძლოა, მხოლოდ დაბუჟების შეგრძნება განვითარდეს. თუ შეტევა სახლში დაგეწყოთ, უპირველეს ყოვლისა, ისე მოთავსდით, რომ წელმა მაქსიმალური კომფორტი იგრძნოს. კარგია კორსეტით მისი დაფიქსირებაც. მწვავე ტკივილის დროს ხერხემლის დატვირთვის შესამცირებლად რეკომენდებულია წოლა. მწოლიარეს წელის ქვეშ უნდა ედოს ბალიში, ხოლო ფეხები ოდნავ ამაღლებული და მუხლებში მოხრილი ჰქონდეს. ასეთ პოზიციაში ხერხემლის მიდამოს მსხვილი კუნთები დუნდება, რაც ტკივილს საგრძნობლად ამცირებს.
იშიაზის მკურნალობის დროს მნიშვნელოვანია მოძრაობის შეზღუდვა. ავადმყოფი მაგარ საწოლზე უნდა იწვეს. უმჯობესია, საწოლზე დავდოთ ხის დაფა და ზედ თხელი ლეიბი დავაფინოთ. ვარჯიშებისა და მასაჟის თვითნებურად, ექიმის კონსულტაციის გარეშე დაწყებამ შესაძლოა მდგომარეობა გააუარესოს.