პარლამენტის მიერ ახალი რეგულაციის დამტკიცების შემთხვევაში, ნასვამ მძღოლს მართვის უფლება არა 6 თვით, არამედ ერთი წლით ჩამოერთმევა, თუმცა მას უფლება ექნება სამ თვეში, გამოცდის ჩაბარების, ან მაღალი ჯარიმის გადახდის შემდეგ მართვის მოწმობა ხელახლა აიღოს. იურიდიულმა კომიტეტმა საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებათა პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
ოპოზიცია განხილვას არ დასწრებია, ამ ეტაპზე შენიშვნები არ აქვს არასამთავრობო სექტორს.
„შევქმენით ისეთი სისტემა, რომელიც ერთის მხრივ იმ მიზნებს ასრულებს, რის გამოც პროექტი პარლამენტში შემოვიტანეთ და მეორეს მხრივ – არასამთავრობოების ყველა კითხვა და მათ მიერ დასახელებული რისკები დაბალანსებულია,“ – განაცხადა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა.
უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კი განაცხადა, რომ ხელისუფლება ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა და აუცილებელია, ცვლილებები მიიღონ.
„ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ოჯახის წევრები ძალიან მალე თავს იგრძნობენ უფრო უსაფრთხოდ, როგორც ტრანსპორტით გადაადგილებისას, ასევე ქვეითად გადაადგილების დროს. ავტოპარკი საქართველოში გაიზარდა 20%-ით, გაიზარდა საერთაშორისო ტრანზიტი და ახალ გამოწვევებს სჭირდება ახალი პასუხი ხელისუფლების მხრიდან,“ – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.