LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დისფონია

110
დისფონია

ხმის ჩახლეჩა დისფონია ან მისი დაკარგვა აფონია, ხმის ფუნქციური დარღვევის გამოვლინებაა. ხმის ფუნქციურ მოშლას ფონასთენია ეწოდება, რომელიც უმეტესად მომღერლებს, მსახიობებს, მასწავლებლებს, ლექტორებს ემართებათ. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ხმის ფუნქციის მოშლა ნერვული სისტემის ფუნქციურ დაზიანებას ან  ხმის ჰიგიენის დაუცველობას მოჰყვეს. ხმის ჩახლეჩის მიზეზი შესაძლოა იყოს: ლარინგიტი ანუ ხორხის ლორწოვანი გარსის ანთება ან მისი შეშუპება. ლორწოვანი გარსის ანთებისას სახმო აპარატის ნორმალური ფუნქციობა ირღვევა და ხმა იხლიჩება. ქრონიკულ ლარინგიტს თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლის მოხმარებაც განაპირობებს; ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ძვრები, რომლებიც 40-45 წლის შემდეგ ინტენსიურად მიმდინარეობს; აგრეთვე ჰიპოთირეოზი ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება.

პირველ ყოვლისა, ერიდეთ მწარე, ცხარე, მჟავე და მარილიან კერძებს. ლორწოვანს აღიზიანებს ძლიერ ცხელი და ცივი საკვები და სასმელი. აკრძალეთ გაზიანი სასმელები, ნიგოზი და მზესუმზირა. გახსოვდეთ, სახმო აპარატის ყველაზე დიდი მტერი თამბაქოს კვამლია. ასევე, ყვირილი ვნებს სახმო აპარატს. ყურადღებით მოეკიდეთ ხმის ჰიგიენას, ერიდეთ აპარატის გადაძაბვას, ილაპარაკეთ საშუალო ტონალობაზე, ერიდეთ მშრალ, დაბინძურებულ, თამბაქოს კვამლით გაჟღენთილ გარემოში საუბარს. ხშირად გაანიავეთ ოთახი, რომელშიც იმყოფებით.

შეეცადეთ სწორად ისუნთქოთ. სახმო აპარატმა დატვირთვას რომ გაუძლოს, სუნთქვის მართვა უნდა შეძლოთ. დიდი მნიშვნელობა აქვს, პირით სუნთქავთ თუ ცხვირით. როცა ადამიანი პირით იტაცებს ჰაერს, ლორწოვანი თანდათან შრება, ყელში ღიტინის შეგრძნება ჩნდება და წამოხველების სურვილი წარმოიშობა. სახმო აპარატი რომ დაგეზოგოთ, საუბრის დაწყებამდე ჩაისუნთქეთ, შემდეგ კი ჰაერის ნაკადი ნელ-ნელა ამოუშვით ფილტვებიდან და ნელა წარმოთქვით ფრაზა. არსებობს საგანგებო ვარჯიშები, რომლებიც სუნთქვის რეგულირებასა და ჰაერნაკადის თანაბარ განაწილებას მიგაჩვევთ. ხმოვანი აპარატის პრობლემების კორექცია, ვარჯიშებისა თუ სხვაგვარი მკურნალობის შერჩევა ექიმ-ფონიატრს მიანდეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები