LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადნექსიტი

107
ადნექსიტი

ადნექსიტი საშვილოსნოს დანამატების  მილისა და საკვერცხეების ანთებაა. მას უმეტესად გადაღლა, გაციება, სტრესი, უარყოფითი ემოცია, ზოგიერთი ექსტრაგენიტალური დაავადება  იწვევს. ის ხშირად ახალგაზრდა ასაკში გვხვდება. იმის მიხედვით, თუ რა გზით შეიჭრა გამომწვევი, საკვერცხეების ანთება არის ეგზოგენური (აბორტის შემდგომი, საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივების გამოყენებით გამოწვეული), პირველადი (ინფექცია ვრცელდება სასქესო გზების ქვედა ნაწილიდან) და მეორადი (ინფექცია ვრცელდება ახლომდებარე ორგანოებიდან, მაგ აპენდიქსი). ანთების გამომწვევის დასადგენად საჭიროა ნაცხის მიკრობიოლოგიური კვლევა.

ადნექსიტის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია ტკივილი, რომელიც მუცლის ქვედა არეში ლოკალიზდება და ზოგჯერ წელში ან გავის  მიდამოში გადაეცემა. ტკივილი პერიოდულია, იშვიათად  მუდმივი. არის შემთხვევები, როცა ტკივილი ანთებითი რეაქციის ნიშნების გაქრობის შემდეგაც გრძელდება და გაციების, ზოგიერთი დაავადების, ფიზიკური და ემოციური გადაძაბვის დროს ძლიერდება.

ნებაზე მიშვებული ადნექსიტი ქრონიკულ ფორმაში გადაიზრდება, რომელსაც პერიოდული გამწვავება ახასიათებს. საშვილოსნოს დანამატების ქრონიკული ანთების ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა მენსტრუაციული ციკლის დარღვევა. ამ დროს მენსტრუაციას თან სდევს ტკივილი, გამონადენი ჩვეულებრივზე ჭარბი ან მწირია და ზოგჯერ მენსტრუაციამდე ან მის შემდეგაც იჩენს თავს, ავადმყოფი უჩივის ძილის დარღვევას, გაღიზიანებადობას, შრომის უნარის დაქვეითებას, სწრაფად დაღლას. ადნექსიტით დაავადებულთა 60-70%-ს უშვილობა ემუქრება.

ადნექსიტის მწვავე ფორმის მკურნალობა ტარდება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებით. საშვილოსნოს დანამატების ჩირქოვანი ანთებისას მიმართავენ ლაპაროსკოპიას. ინიშნება წოლითი რეჟიმი, ხოლო მწვავე სტადიის ჩაცხრობის შემდეგ  ფიზიოთერაპია და ბიოსტიმულატორები. გამწვავებისას ავადმყოფი უჩივის ძლიერ ტკივილს მუცლის ქვედა არეში, მტკივნეულ და ხანგრძლივ მენსტრუაციას. ამ დროს ინიშნება ფიზიოთერაპია, ბალნეოთერაპია, ვაგინალური აბაზანებისა და გინეკოლოგიური მასაჟების კურსი.

მკურნალობა დროულად უნდა ჩატარდეს, უშვილობის თავიდან ასაცილებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები