პიონჩანგში დასრულდა ვაჟთა ოლიმპიური შეჯიბრება ფიგურულ სრიალში. თავისუფალ პროგრამაში წარუმატებლად გამოვიდა 22 წლის ქართველი სპორტსმენი მორის ყვითელაშვილი. მან ზედიზედ რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, ამიტომაც მხოლოდ 128.01 ქულა მიიღო, ორი გამოსვლის ჯამში კი 204.57 ქულა მოაგროვა და ფინალურ ჯგუფში ბოლო, 24-ე ადგილი დაიკავა.
ძალიან დაძაბულად წარიმართა ოლიმპიური თამაშების ფავორიტთა ბრძოლა საპრიზო ადგილებისთვის. სოჭის 2014 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იაპონელმა იუძურუ ჰანიუმ, რომელიც ლიდერობდა მოკლე პროგრამის შემდეგ (111.68), თავისუფალი ვარჯიშიც ოსტატურად შეასრულა (206.17), ორჭიდში 317.85 ქულა აიღო და ზედიზედ მეორედ დაეუფლა ოლიმპიურ ოქროს მედალს. 306.90 ჯამური ქულით მეორე ადგილზე გავიდა ჰანიუს თანამემამულე შომა უნო, ბრინჯაოს მედალი კი ესპანელმა ხავიერ ფერნანდესმა მიიღო (305.24).
პიონჩანგში კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენის სამთო მოთხილამურე იასონ აბრამაშვილის გამოსვლას ველოდებით, რომელიც 18 თებერვალს იასპარეზებს.