კომპანია Volvo შიდა წვის ძრავების შემუშავებაში ფულს აღარ ჩადებს. ამის ნაცვლად, მარკა გეგმავს 2019 წლისთვის თითოეული მოდელისთვის ერთი, ან ორი ჰიბრიდული მოდიფიკაცია გამოუშვას. ამის შესახებ გამოცემა Road & Track-თან ინტერვიუში ავტომწარმოებლის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჰოკან სამუელსონმა განაცხადა.
ამჟამინდელი ბენზინის ძრავები Volvo-სთვის ბოლო იქნება. ახალი თაობის პლატფორმაზე გადასვლის შემდეგაც, რომელიც 2021 წლისთვის იგეგმება, მარკა ძველ, მაგრამ მოდიფიცირებულ აგრეგატებს გამოიყენებს.
კომპანიაში ფსონს ჰიბრიდებზე დებენ, რომლებიც უფრო მძლავრები გახდებიან და მაღალბრუნიან ელექტროძრავებს მიიღებენ.
ინტერვიუში სამუელსონმა ასევე აღნიშნა, რომ მარკა არ გეგმავს გამორჩეული მოდელების – მაგალითად კუპეს ან პიკაპის გამოშვებას.


