LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყოველ დღე კონცერტებს ვუსმენ” – მგზავრები გაჩერების ახალ წესს ჯერ ვერ ეგუებიან

114

უკვე ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის 14 ქუჩაზე, მიკროავტუბუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ადგილას აჩერებენ.

მგზავრების ნაწილი ახალ წესს ჯერ კიდევ ვერ ეგუება. ზოგიერთი მათგანი, ამის გამო, მიკროავტობუსში სასურველ ადგილას ვერ ადის, ზოგიც – ვერ ჩამოდის.

მძღოლების დიდი ნაწილი კი რეგულაციას მკაცრად ემორჩილება და მგზავრების შემცირების მიუხედავად, ახალ წესს არც აპროტესტებს.

 

“მძღოლები სიახლეს მომზადებულები შეხვდნენ, მგზავრები – არა”

სიახლეს დადებითად აფასებენ “თბილისის მიკროავტობუსში” და ამბობენ, რომ ახალ წესთან დაკავშირებით, მძღოლებს წინააღმდეგობა არ ჰქონიათ.

კომპანიაში ამბობენ, რომ გაჩერებებთან დაკავშირებით, მიკროავტობუსის მძღოლები წინასწარ გააფრთხილეს და მოსალოდნელი ჯარიმების შესახებაც აცნობეს.

როგორც “ფორტუნას” თბილისის მიკროავტობუსში განუცხადეს, აკრძალულ ადგილას გაჩერების გამო, ამ დროის განმავლობაში არც ერთი მძღოლი არ დაჯარიმებულა და არც გაფრთხილება მიუღია.

“გარდა იმისა, რომ შესაძლოა დაჯარიმდეს კომპანია, ჯარიმას იღებს თავად მძღოლიც. ასე რომ მის ინტერესში არ შედის აკრძალულ ადგილას გაჩერება”, – განაცხადა “ფორტუნასთან” “თბილისის მიკროავტობუსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნათია მიქიაშვილმა.

ამასთან კომპანიაში განმარტავენ, რომ ახალ წესთან დაკავშირებით, მცირე ინციდენტებს ჰქონდა ადგილი მგზავრების მხრიდან.

“რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა მგზავრი დაჟინებით ითხოვდა აკრძალულ ადგილას გაჩერებას, თუმცა მძღოლმა მაინც მხოლოდ გაჩერებაზე გააჩერა. ამ დრომდე, ჯერ კიდევ არ არის მოსახლეობა ახალი წესის შესახებ სრულად ინფორმირებული, თუმცა მძღოლები სიახლეს მომზადებულები შეხვდნენ.

საინფორმაციო კამპანიის გასატარებლად, მერიამ და ჩვენმა კომპანიამ გააკრეს სტიკერები მიკროავტობუსებში, სადაც ჩამოთვლილია ქუჩები, რომლებზეც გაჩერებების გარდა, სხვა ადგილებზე მგზავრის ასვლა-ჩასვლა, დაუშვებელია”, – განმარტა “ფორტუნასთან” ნათია მიქიაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ სიახლის გამო, შემცირებულია მიკროავტობუსების მგზავრების რაოდენობა, თუმცა მისი თქმით, ეს პრობლემა, ახალი ჩვევის მიღებისა და გამომუშავებისთანავე გამოსწორდება.

“მათ ჩვევის გამომუშავება სჭირდებათ, იმისთვის რომ მივიდნენ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე და იქ დაელოდონ მიკროავტობუსის მისვლას”, – განაცხადეს კომპანიაში.

 

“ყოველ დღე ასეთ „კონცერტებს“ ვუსმენ”

თამუნამ პირველ დღეს სიახლის შესახებ არ იცოდა, ამის გამო, რამდენიმე სამარშუტო ტაქსში ვერ ვაიდა და სამსახურში დააგვიანა. თუმცა, ახალი წესი მოსწონს და არ ეწინააღმდეგება.

“სიახლესთან შეგუება თავიდან ცოტა გამიჭირდა. ჩვენ ხომ მიჩვეულები ვართ, რომ სამარშრუტო ტაქსმა იქ უნდა გააჩეროს სადაც გვინდა, თუმცა მგონია, რომ კარგი ცვლილებაა და მოძრაობა ცოტა უფრო მოწესრიგებული გახდა. მაგრამ ბევრ ადამიანს ცვლილების მიღება უჭირს. მათ უნდათ, რომ გააჩერონ იქ სადაც მათ უნდათ, მძღოლიც არ აჩერებს და უხსნის, რომ აკრძალულია და ყოველ დღე ასეთ „კონცერტებს“ ვუსმენ. რაც შეეხება მგზავრთა ნაკადს, დიდად არ შეცვლილა და ტრანსპორტი ისევ ზედმეტად გადატვირთულია”, –განაცხადა “ფორტუნასთან” თამუნა ქირიამ, რომელიც წლებია ყოველდღიურად მიკროავტობუსით გადაადგილდება.

დათო, ნუცუბიძის პლატოზე ცხოვრობს და ამბობს, რომ კარგია, როცა ცენტრალურ ქუჩებზე, მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებზე ჩერდებიან, თუმცა წინააღმდეგია, რომ ეს წესი თბილისის ყველა ქუჩას შეეხოს.

“იქ სადაც მოძრაობა გადატვირთულია და მარშუტკების გაჩერება, კიდევ უფრო მეტად იწვევს შეფერხებებს, ამ ახალ წესს, შეუძლია პრობლემის შემსუბუქება, თუმცა, მაგალითად პლატოზე, სადაც ისედაც არ არის დიდი მოძრაობა და მარშუტკების გაჩერება შეფერხებას არ იწვევს, მგონია რომ ეს რეგულაცია ზედმეტი იქნება”, – განაცხადა დათო ალიბეგაშვილმა “ფორტუნასთან”.

ვახო კი რომელიც გარეუბანში ცხოვრობს, ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილება მთელ ქალაქში უნდა ამოქმედდეს.

“ზოგადად, მივესალმები და ვეთანხმები ტრანსპორტის მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერებას. თუ გახსოვთ ავტობუსებიც ქაოსურად დადიოდნენ და მოწესრიგდა ეს პრობლემა. ასე რომ, თუ „მარშუტკებიც“ შეურთდებიან ამ წესრიგს, ცუდი არ იქნება.

მგზავრისთვის დისკომფორტია, როდესაც ტრანსპორტი გაუთავებლად აჩერებს ყველგან, ზოგჯერ ერთი გაჩერების მანძილზე 4-5-ჯერ გაუჩერებია.

ჯერ რაიმე პრობლემა პირადად არ მქონია, მაგრამ შევესწარი მძღოლს შენიშვნა რომ მისცეს უადგილო ადგილზე გაჩერებისთვის.

სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ დროთა განმავლობაში მგონია, რომ მაინც დაარღვევენ მარშუტკის მძღოლები ამ წესს, მკაცრი და მუდმივი კონტროლი გახდება საჭირო.

ისე კი, მთელ ქალაქში თუ დაწესდება გაჩერებებზე გაჩერების ვალდებულება, კარგი იქნება”, – ამბობს ვახო “ფორტუნასთან ინტერვიუში.

ჯერჯერობით, უცნობია, როდის მთავრდება სატესტო დრო და რა იქნება მერიის შემდეგი ნაბიჯი, მიკროავტობუსების რეგულაციებთან და მოძრაობის მოწერიგებასთან დაკავშირებით.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ სანამ მერია ახალ ფაზაზე გადავა, სატესტო რეჟიმი კი რეგულარულ წესად იქცევა, დედაქალაქის სატრანსპორტო სამსახურმა უნდა გადახედოს გაჩერებებს, რომლებიც ზოგან ზედმეტად შორი-შორს არის.

თამთა უთურგაშვილი