ვენეციაში „ერთდღიანი“ ტურისტების მოსაკრებელს შემოიღებენ. ქალაქის მერიამ გადაწყვიტა, რომ დააწესოს სპეციალური გადასახადი, რომელსაც ის ადამიანები გადაიხდიან, ვინც ვენეციას არა დასარჩენად, არამედ ერთი დღით – დასათვალიერებლად მიაკითხავს. ასეთი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ტურისტთა ნაკადის შესამცირებლად მიიღო.
გასულ კვირას, როცა კათოლიკური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავდა, ვენეციას 200 ათასზე მეტი ადამიანი ეწვია. შედეგად ქალაქში უზარმაზარი საცობი წარმოიქმნა და ღირსშესანიშნაობების წინ დაუსრულებელი რიგები დადგა. ამიერიდან კი ტურისტთა შემოტევას დამატებითი გადასახადებით შეებრძოლებიან. ხოლო განსაკუთრებულ დღესასწაულებზე ვენეცია შესაძლოა საერთოდ დაიხუროს და ვიზიტორები არ მიიღოს.