რა თქმა უნდა, ზაფხულის მთავარი საზრუნავი – სასიამოვნოდ დასვენებაა, ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო იდეას, დაუვიწყარი შვებულების მოსაწყობად.
მარმარისი, თურქეთი – თუ მართლა გიყვართ მზე და სიცხე, თურქეთში გაემგზავრეთ, სადაც ივლისი ყველაზე ცხელ თვედ ითვლება. მართალია, ქვეყანას უამრავი ბრწყინვალე კურორტის შემოთავაზება შეუძლია, მაგრამ საუკეთესო მათ შორის მაინც ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვას შორის მოქცეული, საპორტო ქალაქი მარმარისია, სადაც ადგილობრივები არაჩვეულებრივი ბუნებით, უამრავი უძველესი ღირსშესანიშნაობით და ცნობილი აკვაპარკით, აღმოსავლური სტუმართმოყვარეობითა და მისაღები ფასებით გაგახარებენ.
ტენერიფე, ესპანეთი – კანარის არქიპელაგის ყველაზე მსხვილ კუნძულს, ხშირად მარადიული გაზაფხულის კუნძულსაც უწოდებენ, რადგან აქ ყოველთვის ზომიერი კლიმატია და გამონაკლისი არც ივლისის თვეა. ტენერიფეს მთავარ ღირსებად მისი ვულკანური წარმოშობის ლანდშაფტი ითვლება, ღირსშესანიშნაობათა შორის კი უზარმაზარი ბოტანიკური ბაღი “ლორო-პარკი” მოხვდა თავისი ეკზოტიკური მცენარეებითა და ცხოველებით.
მაე, სეიშელის კუნძულები – დაუვიწყარ შვებულებას მაეზე სწორედ ივლისის თვეში მოიწყობთ, როცა სეიშელის კუნძულებზე ყველაზე სასიამოვნო კლიმატია და არც წვიმა შეგაწუხებთ, არც განსაკუთრებული სიცხე. მაეს ყველაზე პოპულარული გასართობი – დაივინგია, თუმცა თქვენ წყლის თხილამურები შეგიძლიათ მოსინჯოთ ან ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე გაშენებულ კომფოტულ პლაჟზე ინებივროთ.
ნადი, ფიჯი – ივლისის თვეში ფიჯის კუნძულებზე მშრალი სეზონია, წყნარი ოკეანე კი, კრისტალურად სუფთაა, რაც იდეალურ პირობებს უქმნის დაივინგის მოყვარულებს მარჯნის რიფების დასათვარიელებლად და მრავალფეროვანი წყალქვეშა სამყაროს შესასწავლად. სხვათაშორის, თავისი ინფრასტრუქტურით, მდიდრული სასტუმროებითა და მაღალი დონის მომსახურებით, ნადი ერთ-ერთ ყველაზე კარგად განვითარებულ ტურისტულ ცენტრად ითვლება.



