ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საჩხერის „ჩიხურამ“ სლოვენიური „მარიბორი“ თბილისში, „მიხეილ მესხზე“ მიიღო. „მარიბორი“ შეხვედრაში ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა სოსო ფრუიძის გუნდმა მეტოქეს ტოლი არ დაუდო და საბოლოო ჯამში თამაში ფრედ, 0:0 დასრულდა.
„ჩიხურა“ პირველივე წუთებიდან აკონტროლებდა ბურთს და თამაშის ტემპს, მაგრამ როდესაც ბურთით სლოვენიელები იყვნენ, მასპინძლების კართან სახიფათო მომენტები იქმნებოდა.
მეორე ტაიმში ინიციატივას კვლავ „ჩიხურა“ ფლობდა. მატჩის ბოლო წუთებზე ჩვენებს გატანა არაერთხელ შეეძლოთ, მაგრამ არ გამოვიდა.
განმეორებითი მატჩი 2 აგვისტოს გაიმართება.
„ჩიხურა“ უშანსოდ ნამდვილად არ არის, მით უმეტეს ამ გუნდის სათამაშო სტილიდან გამომდინარე წარმატებაზე ფიქრი შეიძლება. შეგახსენებთ, რომ წინა რაუნდში „ჩიხურამ“ პირველ შეხვედრაში შინ ასევე 0:0 ითამაშა „ბეითართან“ და მერე გასვლაზე იყოჩაღა. იმედია ახლაც იგივე მოხდება.
„გუნდი ბოლომდე იხარჯება და მჯერა, განმეორებით შეხვედრაშიც ასე იქნება. რა თქმა უნდა, მეტოქე ფავორიტია, მაგრამ არაფერს დავუთმობთ. ჩვენი დევიზი არის ის, რომელიც გაკრული გვაქვს საჩხერეში – ყველაფერი შესაძლებელია! გუნდისთვის ერთიანი სულისკვეთება ყველაზე დიდი ძალაა. დღეს ჩვენ დაგვაკლდა ოსტატობა, კლასი და გოლი. თავს ვერ გადაახტები, მაგრამ ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს და მოგების შანსიც გვქონდა“, – თქვა მატჩის შემდეგ „ჩიხურას“ მწვრთნელმა სოსო ფრუიძე.
ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი ფარერების „ვიკინგურს“ შეხვდა და 3:0 დაამარცხა. თამაში ქუთაისელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, მათ არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ მხოლოდ სამით ისარგებლეს.
„ტორპედომ“ ანგარიში 27–ე წუთზე თორნიკე კაპანაძის გოლით გახსნა. 73-ე წუთზე ქუთაისელთა უპირატესობა გიორგი ქიმაძემ გაზარდა. საბოლოო ანგარიში კი 85-ე წუთზე ლევან კუტალიამ დააფიქსირა 3:0.
განმეორებითი მატჩის წინ, რომელიც ფარერის კუნძულებზე 2 აგვისტოს გაიმართება, ქუთაისელებს შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი გაუჩნდათ.
„კარგი თამაშისთვის ფეხბურთელებს მადლობას ვუხდი. მეტოქემ რამდენიმე რეალური მომენტი მაინც შექმნა, თუმცა მაინც კომფორტული ანგარიშით დავამარცხეთ. ასეთი რამ განმეორებით მატჩში უნდა გამოვრიცხოთ და ფარერებზეც მოსაგებად ვითამაშოთ. ლეგიონერები ჯერ სასურველ ფორმაში არ არიან. მათგან მეტს ველოდები და დარწმუნებული ვარ, თამაშიდან თამაშამდე მოუმატებენ“, – აღნიშნა ტორპედოელთა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა.