LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ევროპის გზას დაადგა: ისტორიული გოლი და ისტორიული მოგება (ვიდეო)

50

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ისტორიული, პირველი მატჩი მოიგო. ჩვენებმა ასტანაში ყაზახეთი დაამარცხეს – 2:0.
თავისთავად სასიამოვნოა სადებიუტო ტურნირის გახსნითი შეხვედრის მოგება, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებით, რომ გასვლაზე ჩვენი ჯგუფის მთავარ კონკურენტს ვაჯობეთ და სამი ქულა ავიღეთ, გამოდის, რომ ჯგუფში პირველობისკენ უდიდესი ნაბიჯი გადავდგით. აწი მართლაც რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია და წესით და რიგით ამ ჯგუფიდან გასვლა აღარ უნდა გაგვიჭირდეს.

საქართველოს ნაკრები რა დიდი ბედენაა ჩვენზე უკეთ აბა ვინ უწყის. ჩვენების სიძლიერეზე ისიც მიუთითებს, რომ ერთა ლიგაზე D ლიგაში, მაჩანჩალებთან ვართ, თუმცა აი ამ ჯგუფში და მათ შორის ყაზახეთთან უპირატესობა ნამდვილად გვაქვს. ისტორიას და ძველ ბაქი-ბუქობას რომ შევეშვათ, დღევანდელი შემადგენლობაც ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებს. ყაზახები შიდა ჩემპიონატში გამოდიან, როდესაც ჩვენები მიმოფანტულები არიან რუსეთში, ამერიკაში, ბელგიაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, და ა.შ. ცხადია ჩვენები გრანდებში არ თამაშობენ, მაგრამ ესეც არ არის პატარა საქმე და უპირატესობა ყაზახეთისა და ლატვიის დონის გუნდებთან. თორემ სხვა მრივ, ძველი ქართული პრობლემა კვლავ აქტუალურია – ნაკრებს დღემდე ყავს კლუბებში უთამაშებელი ფეხბურთელები (მათ შორის მეკარეც) და რაც დამოუკიდებლები ვართ ამ საკითხს ვერ ეშველა. როგორც ჩანს, ერთა ლიგაზე ეს დიდი პრობლემა არ არის.
რაც შეეხება თამაშს, ძნელია თქმა საქართველოს დიდი უპირატესობა ქონდა და ამიტომ მოიგოო. ალბათ მაინც კლასის ამბავია, თან ტაქტიკისაც, მეთოდური შეტევების და ცოტა იღბლიანობისაც. მართალია პირველ ტაიმში იყო ეპიზოდი, როდესაც მასპინძლებსაც გაუღიმა ბედმა, მაგრამ ანალოგიური ხიფათი განვმუხტეთ ჩვენც და მერე თუნდაც მეორე გოლის დროსაც ხომ გაგვიმართლდა.

გიორგი ჩაკვეტაძე – ერთა ლიგის პირველი გოლის ავტორი, თან რა გოლის. ქართული ფეხბურთის იმედმა იმედი გააღვივა.

ასეა თუ ისე, საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო და დიდი ნაბიჯი გადადგა ჯგუფში პირველობისთვის, რაც გზას გვიხსნის ევროპის ჩემპიონატისკენ. შემდეგი გასასვლელი უკვე თბილისში გვაქვს, 9 სექტემბერს ლატვიასთან და აქაც ბუნებრივია მხოლოდ სამ ქულას და თან ლამაზად მოპოვებულ გამარჯვებას ველით.

 

 

ყაზახეთი – საქართველო 0:2
გოლები: 0:1 ჩაკვეტაძე (69), 0:2 მალიი (74. ავტოგოლი)

საქართველო: ლორია – კაკაბაძე, კაშია, კვერკველია, ნავალოვსკი – კანკავა, კვეკვესკირი – ჩაკვეტაძე (75. ოქრიაშილი), ყაზაიშვილი (84. ხოჭლავა), მერებაშვილი – ქვილითაია (65. გვილია)

გაფრთხილებები: ნავალოვსკი (6), კუატი (45+1)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები