სტატისტიკური მონაცემებით, მენოპაუზა 45 წლიდან – 55 წლამდე იწყება. ამ დროს ჰორმონების გამომუშავება, კვერცხუჯრედის მომწიფება უფრო და უფრო იშვიათდება, რაც არარეგულარული მენსტრუაციული ციკლით ვლინდება და წყდება საკვერცხეების ფუნქციონირება. მენოპაუზის პერიოდში ქალების მხოლოდ მესამედი უჩივის შემაწუხებელ მოვლენებს. ისეთი ფსიქოვეგეტატიური დარღვევები, როგორიც არის ალები, ოფლიანობა, ძილის დარღვევა, დეპრესიული მდგომარეობა, ადვილად აგზნება, შფოთვა, თავბრუსხვევა, გულისცემის აჩქარება, მგრძნობელობის დარღვევა სხეულის სხვადასხვა ადგილას, ჰორმონული ცვლილებების ლოგიკურ ასახვას წარმოადგენს. მათ შესაძლოა ჯერ კიდევ მენოპაუზამდე იჩინონ თავი.
გაცილებით მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რომლებიც ჰორმონების ხანგრძლივი დეფიციტის შედეგს წარმოადგენს, ნელა მიმდინარეობს და მენოპაუზიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვლინდება. ასეთ დარღვევათა რიცხვს მიეკუთვნება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ოსტეოპოროზი, შარდის ბუშტის პრობლემები და სხვა. ამგვარი პათოლოგიები, ფსიქოვეგეტატიური დარღვევებისგან განსხვავებით, მეტ-ნაკლებად ყველა ქალში იჩენს თავს.
სავსებით შესაძლებელია, მენოპაუზის დროს მომხდარმა ცვლილებებმა ფსიქიკური აშლილობის პროვოცირება მოახდინოს. ამ შემთხვევაში აუცილებელია ფსიქიატრის ან ნევროლოგის კონსულტაცია. მიჩნეულია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება სამი ძირითადი მექანიზმით არის შესაძლებელი. ესენია: ჰორმონების დეფიციტის შევსება; ჯანსაღი, დაბალანსებული კვება; საკმარისი ფიზიკური აქტივობა.