ჰიპოთერმია სხეულის ტემპერატურის ვარდნაა. სხეულის ნორმალურ ტემპერატურად 37 გრადუსია მიჩნეულია, ჰიპოთერმია კი ვითარდება მაშინ, როდესაც ის 35 გრადუსზე ქვევითაა. არსებობს ექსტრემალური სიტუაციები, როდესაც სხეული დაკარგული სითბოს სწრაფად აღდგენას ვერ ახერხებს. სწორედ ამ დროს ვითარდება ჰიპოთერმია. ის შეიძლება ცივ გარემოში სხეულის ტემპერატურის ვარდნამ გამოიწვიოს. ეს მდგომარეობა თავს იჩენს ცივი წყლის ან ჰაერის სხეულზე ხანგრძლივი ზემოქმედებისას. ჰიპოთერმია შეიძლება გამოწვეული იყოს ხანგრძლივი უმოძრაობით, რასაც გარემოს დაბალი ტემპერატურაც ემატება. დაღუპვის რისკი ჩნდება, როდესაც ტემპერატურა 31 გრადუსამდეა დაცემული. სიკვდილის ალბათობა გაცილებით იზრდება ტემპერატურის 28 გრადუსამდე დაცემისას.
ჰიპოთერმიის დიაგნოზის დასასმელად სპეციალურ თერმომეტრს იყენებენ, ვინაიდან სიცხის საზომი ჩვეულებრივი თერმომეტრი 34ºC-ზე დაბალ ტემპერატურას ვერ აფიქსირებს. დაავადების მიზეზის დასადგენად შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის ანალიზებისა და სხვა კვლევების ჩატარება. რაც შეეხება ჰიპოთერმიის მკურნალობას, მისი ადრეულ სტადიაზე გამოვლენისას, თუ მიზეზი ცივ წყალთან კონტაქტია, აუცილებელია სველი პაციენტის გაშრობა და სველი ტანსაცმლის გამოცვლა. ცივი ჰაერით გამოწვეული ჰიპოთერმიის დროს პაციენტი უნდა შეიმოსოს თბილად და მიიღოს თბილი სითხეები. ეს ორგანიზმს სითხის განმეორებითი დაკარგვისგან დაიცავს.
ჰიპოთერმიის მძიმე ფორმის დროს პაციენტისთვის მკვეთრი მოძრაობების გაკეთება რეკომენდებული არ არის, რადგან ამან შეიძლება სასიკვდილო არითმიის განვითარებას შეუწყოს ხელი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჰიპოთერმიის მსუბუქი თუ მძიმე სტადიის შემთხვევაში, პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანით მას უკეთესად დავიცავთ და სწრაფად გამოჯანმრთელებაში შევუწყობთ ხელს. სამედიცინო დაწესებულებაში მის სხეულს თბილი ჟანგბადით მოამარაგებენ და გამთბარი სითხეების ინტრავენურ გადასხმას გაუკეთებენ. პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა მაშინაც კი აუცილებელია, თუ მას არანაირი სასიცოცხლო ნიშნები არ უვლინდება. ზოგჯერ ლაბორატორიული კვლევის შედეგები იმ დონეზეა, რომ სხეულის გათბობა და პაციენტისთვის სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელია.