გერმანელმა მეცნიერებმა მიაგნეს გზას, რომლითაც პარკინსონის დაავადების აღმოჩენა აშკარა სიმპტომების გამოვლენამდეა შესაძლებელი. მეცნიერთა შეფასებით დაავადების დადგენა ზურგის ტვინის სითხეში ცილის ცვლილებითაა შესაძლებელი, წერს Euronews.
პარკინსონის დაავადების დიაგნოსტირებას როგორც წესი, ბოლო სტადიაზე ახერხებენ ხოლმე, მაშინ როცა ადამიანს უკვე შესამჩნევად აქვს მოძრაობის დარღვევები. ამ დროისთვის ტვინის დაზიანება უკვე შეუქცევადია. ახალი მეთოდი დაავადების აღმოჩენას ბევრად ადრე გახდის რეალურს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დაავადების განვითარებას სწორედ ზურგის ტვინის შემადგენლობაში არსებული ცილა აზუსტებს. პარკინსონის გამო კი ეს ცილა სტრუქტურას იცვლის.
ამ ცვლილების აღმოჩენა სპეციალური მეთოდით iRS-ითაა (იმუნო- ინფრა წითელი სენსორი) შესაძლებელი. სპეციალისტებმა ის შეამოწმეს სითხის ნიმუშით, რომელიც უკვე დადასტურებული დიაგნოზის მქონე პაციენტებს და ჯანმრთელ ადამიანებს აუღეს. შედეგებმა მაღალი სიზუსტე აჩვენა – მეთოდი შემთხვევათა 90%-ში დაავადებას სწორად ადგენს.
აღმოჩენა დაავადების დროულად დიაგნოსტირებასთან ერთად, ახალი წამლების დატესტვის საშუალებასაც გაზრდის.