ასპერგილუსი ობის სოკოების ჩანთიანი სოკოების კლასს მიეკუთვნება. მრავლდება სპორებით. ბინადრობს ნიადაგში, საკვებ პროდუქტებზე და აფუჭებს მათ. ზოგი სახეობა იწვევს ადამიანისა და ცხოველის მიკოზს, ზოგს იყენებენ ლიმონის მჟავისა და ყველის წარმოებაში, ხოლო ზოგი სახეობა წარმოქმნის ანტიბიოტიკებს, რომლებსაც ეფექტურად იყენებენ ფუტკრის ნოზემატოზისა და ამებური დიზენტერიის დროს.
ასპერგილოზი დაავადებაა, რომელსაც იწვევს ასპერგილუსის სახეობის სოკო. ასპერგილები ბუნებაში ფართოდ გავრცელებული სოკოებია, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში გამოყოფენ სპორებს. დაავადებას იწვევს ასპერგილების სპორების დიდი რაოდენობით შესუნთქვა, მაგალითად, ლპობით თივასთან მუშაობისას. გამოყოფენ ფილტვ-ბრონქის ასპერგილოზის ოთხ ფორმას: მსუბუქი ფორმა, რომელიც მიმდინარეობს როგორც სწრაფად გარდამავალი მწვავე ტრაქეობრონქიტი. ალერგიული ბრონქული ასპერგილოზისათვის დამახასიათებელია ეოზინოფილია, ცხელება, ბრონქოსპაზმი; ნახველს შესაძლოა ჰქონდეს მოყავისფერო ელფერი; ხასიათდება ხანგრძლივი განმეორებითი გამწვავებებითა და მძიმე ბრონქული ასთმის განვითარებით.
ასპერგილომა შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ, მაგრამ ხშირად აღინიშნება ხველა ნახველის გამოყოფით, სისხლიანი ხველა, წონაში დაკლება, მაღალი ტემპერატურა, ტკივილები გულმკერდში, მდგომარეობის პროგრესული გაუარესება. ფილტვის ასპერგილოზის ნეკროზული ფორმა მიმდინარეობს ინტოქსიკაციით, ცხელებით. დიაგნოსტიკაში გამოიყენება რენტგენოლოგიური გამოკვლევები, ნახველის დათესვა, სეროლოგიის მეთოდები.