LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდში ელექტრომობილის სრულად დამუხტვა ახლა მხოლოდ 5 წუთშია შესაძლებელი

107
მადრიდში ელექტრომობილის სრულად დამუხტვა ახლა მხოლოდ 5 წუთშია შესაძლებელი

ელექტრომობილების მფლობელებს კარგად ესმით მათი მთავარი მინუსი – დამუხტვის ხანგრძლივი დრო. თუ ბენზინის ან დიზელის მანქანის „შევსება“ მხოლოდ 5 წუთს მოითხოვს, ელექტრომობილს ხშირად მთელი ღამე სჭირდება.

თუმცა, მადრიდში ამ პრობლემას უკვე უპოვეს გამოსავალი. ქალაქში ამოქმედდა სამი სპეციალური სადგური, სადაც ელექტრომობილის სრული „დამუხტვა“ იგივე ხუთ წუთში ხდება – მაგრამ არა ტრადიციული სწრაფად დამმუხტავი მოწყობილობებით, არამედ აკუმულატორის შეცვლით. გამოლეული ელემენტი ავტომატურად იცვლება სრულად დამუხტულზე და ეს პროცესი მძღოლის ჩარევის გარეშე მიმდინარეობს.

ტექნოლოგია უკვე იტესტება რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად იაპონიაში, თუმცა ევროპაში მადრიდი გახდა პირველი ქალაქი, სადაც სისტემა ოფიციალურად ამოქმედდა. სპეციალური მოწყობილობები დამონტაჟებულია ჩვეულებრივ ბენზინგასამართ სადგურებზეც.

მასობრივი დანერგვისთვის ჯერ კიდევ საჭიროა მრავალი ტექნიკური სტანდარტის შეთანხმება – ავტომობილის ელემენტი უნდა იყოს მარტივად მოსახსნელი და თავსებადი მსგავსი სადგურების სისტემებთან. დღესდღეობით კი ბევრ ელექტრომობილში ელემენტი ავტომობილის სტრუქტურაშია ინტეგრირებული და მისი ამოღება შეუძლებელია.

ამ დროისთვის ესპანეთში დაახლოებით 600 000 ერთეული ელექტრო ტრანსპორტია – მათ შორის ავტომობილები, მოპედები, კვადროციკლები და ავტობუსები. ქვეყნის მიზანია 2030 წლამდე მათი რაოდენობა 5,5 მილიონამდე გაზარდოს, ხოლო მადრიდი ამ პროცესში ერთ-ერთ მთავარ ინვესტორად ითვლება.

გარდა ამისა, 2026 წლის 1 იანვრიდან ქალაქში აიკრძალება ძველი, არაეკოლოგიური ტრანსპორტის გადაადგილება – კერძოდ, ბენზინის ძრავიანი ავტომობილები, რომლებიც 25 წელზე ძველია და დიზელის ძრავიანები, რომლებიც 20 წელზე მეტი ხანია ექსპლუატაციაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები