რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში კახაბერის და სოფო ქათამაძის დუეტის „ბათუმო მიყვარხარ“ პრემიერა შედგა.
მოგვიყევით სიმღერაზე „ბათუმო მიყვარხარ“.
კახაბერი: ეს სიმღერა ნამდვილად ასოცირდება ბათუმთან და ბათუმურ ამინდთან. სიმღერა ბათუმელების, კომპოზიტორ თინი წულაძის, სოფო ქათამაძის და ჩემს მიერ არის შექმნილი. სიმღერა ზაზა ხუბუკელაშვილის სტუდიაში ჩაიწერა.
როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა, როგორ გაჩნდა დუეტის იდეა?
სოფო: ძალიან მიხარია, რომ დღეს ეს სიმღერა უნდა გაჟღერდეს. ძალიან თბილი და საყვარელი სიმღერა გამოვიდა. ეს სიმღერა უცებ დაიწერა და უცებ გადაწყდა ჩაწერა. კახა რაღაც ფილმს იღებდა ბათუმზე და თავის პროდიუსერებთან, ჯგუფთან ერთად მოვიდა ჩემს ლაივზე, სადაც გავაჟღერეთ ეს სიმღერა. მოეწონა კახას, ჩვენც მოგვეწონა ეს იდეა და პროექტი და ასე ექსპრომტად ჩავწერეთ ეს სიმღერა.
მე და კახა დიდი ხანია ვმეგობრობთ და ასე მეგობრულად გადაწყდა ამ სიმღერის შექმნა.
სოფო, სოლო ნამუშევრები თუ გაქვს?
სოფო: კი, კიდევ ერთი სიმღერა მაქვს, ისიც თინი წულაძის დაწერილია და სხვათა შორის, ისიც ბათუმს უკავშირდება. ტექსტი არ არის ბათუმზე, სიყვარულზე, სითბოზეა, მაგრამ კლიპი ბათუმის ხედებითაა.
კახაბერი: სოფო არ არის სიახლე ბათუმისთვის, მას ჰყავს არაჩვეულებრივი ჯგუფი, ბენდი, რომლითაც ძალიან ცნობილია ბათუმში. ის სულ მოქმედებაშია.
შეიძლება ითქვას, რომ ასეთ სტილში სოფომ პირველად იმღერა. ჩემი პროდიუსერობით გადავწყვიტეთ, რომ სიმღერა ასეთ სტილში ჩაგვეწერა. ძალიან, ძალიან კარგი სიმღერაა, ისეთი ტკბილი, რომელიც უხდება ბათუმის შეგრძნებებს. ყველას გაახსენებს ბათუმს და თავის სიყვარულს გამოახატვინებს. ჰიტიც და ჰიმნიც, ასე ეძახიან ისინი, ვინც უკვე მოისმინა.
ბევრი მრავალფეროვნება იქნება, მალე იქნება ახალი მუსიკალური კომპოზიციები, სიმღერები. სხვადასხვა ფორმატის, მუსიკალური არეალის ნაწარმოებები იქნება.
კახაბერი & სოფო ქათამაძე – ბათუმო მიყვარხარ
გადაცემის ჩანაწერი