LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Japan Mobility Show 2025 – ტოკიოს ავტოსალონის მთავარი პრემიერები (ნაწილი III)

106
Japan Mobility Show 2025 - ტოკიოს ავტოსალონის მთავარი პრემიერები

უცხოურმა ბრენდებმა სიახლეების ნამდვილი დღესასწაული მოაწყვეს – გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პოპულარული მოდელების ახალი თაობები და გამბედავი კონცეპტები.

Nissan  

Nissan-მა Elgrand-ის მეოთხე თაობა წარადგინა. ეს არის თანამედროვე და ეფექტური მინივენი, რომელიც 2023 წლის კონცეპტით – Hyper Tourer-ითაა შთაგონებული.

ახალი მოდელი „მარადიული იაპონური ფუტურიზმის“ სტილშია შექმნილი. მას აქვს პიქსელური რადიატორის ბადე, ჩაშენებული LED განათებები და უცნაური ფორმის საბარგულის კარი. ახალი Elgrand გაცილებით უფრო დიდი და ვიზუალურად რთული კონსტრუქციისაა, ვიდრე მისი წინამორბედი (2010 წლის მოდელი).

შიგნით მძღოლს  ორი 14,3-დუიმიანი ეკრანი, ორფეროვანი საჭე და განახლებული ცენტრალური კონსოლი ხვდება. უკანა მგზავრებისთვის განკუთვნილია ელექტროძრავიანი კომფორტული სავარძლები და Bose-ის პრემიუმ აუდიოსისტემა 22 დინამიკით.

კაპოტის ქვეშ განთავსებულია მესამე თაობის e-POWER ჰიბრიდული სისტემა, რომელიც აერთიანებს 1,5-ლიტრიან ტურბო ძრავსა და ელექტროძრავს.

Elgrand-ს გააჩნია ProPILOT და ProPILOT 2.0 ტექნოლოგიები, რაც მანქანას საშუალებას აძლევს ნაწილობრივ ავტონომიურად იმოძრაოს და ზოლის შეცვლა  მძღოლის ჩარევის გარეშე შეძლოს.

Daihatsu

Daihatsu-მ რამდენიმე მცირე, თუმცა გამორჩეულად საინტერესო სიახლე წარმოადგინა.

ყველაზე მიმზიდველი მოდელი ახალი კაბრიოლეტი K-Open-ია. მსუბუქი, ელეგანტური ხაზებით და დამახასიათებელი მრგვალი ფარებით. ის ხელმისაწვდომი იქნება როგორც 660 კუბიანი ბენზინის ძრავით, ისე მცირე ელექტროძრავით.

კიდევ ერთი პრეზენტაცია იყო ელექტრული მინი-სატვირთო Daihatsu Midget, ბავშვის ორი სავარძლით, ღია ბორბლებით და მცირე საბარგულით.

BYD

BYD იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სეგმენტში – ქეი-ქარების ბაზარზე  აპირებს მოხვედრას. Japan Mobility Show-ზე კომპანიამ წარმოადგინა თავისი პირველი მინი-ელექტრომობილი BYD Racco, რომელიც სპეციალურად უცხოეთის ბაზრებისთვის შეიქმნა.

Racco-ს აქვს კლასიკური ქეი-ქარის პროპორციები: მოკლე კაპოტი, ვერტიკალური საქარე მინა, სრიალა კარები და თითქმის მართკუთხა უკანა ნაწილი. ავტომობილი აღჭურვილია C-ფორმის LED ფარებით, 15-დუიმიანი დისკებითა და მუხრუჭებით ყველა ბორბალზე.

სიგრძე – 3,395 მმ, სიგანე – 1,475 მმ, სიმაღლე – 1,800 მმ. სალონში მოთავსებულია ციფრული პანელი და დიდი მულტიმედიური ეკრანი.

ელექტრომობილი დაფუძნებულია წინა ამძრავიან პლატფორმაზე და იყენებს Blade ტიპის ლითიუმ-რკინა-ფოსფატის ბატარეას ორ ვარიაციაში. მცირე ელემენტის (20 კვტ/სთ) ვერსია WLTC ციკლით 180 კმ-მდე მანძილს ფარავს, ხოლო სწრაფი დამუხტვა 100 კვტ სიმძლავრით მხოლოდ რამდენიმე წუთს საჭიროებს.

გაყიდვები 2026 წელს დაიწყება, წინასწარი შეკვეთები – ზაფხულში. მოსალოდნელი ფასი: დაახლოებით 2,5 მილიონი იენია (16,200 აშშ დოლარი), რაც მას  Nissan Sakura-სა და Mitsubishi eK X EV-ის კონკურენტად აქცევს.

BYD T35 – ელექტრო ფურგონი და პიკაპი

გარდა ამისა, BYD-მა წარადგინა T35 – მსუბუქი კომერციული ელექტრომობილი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც ფურგონის, ისე პიკაპის სახით.

მოდელი აღჭურვილია 201-ცხ.ძ.-იანი (150 კვტ, 340 ნ·მ) ძრავით, ბატარეა Blade კი უზრუნველყოფს 250 კმ-მდე სვლის მარაგს. ერთ-ერთ ვერსიაში მანქანა აღჭურვილი იყო მობილური საუნითა და გამაგრილებელი აბაზანით – ორივე სრულად ელემენტზე მუშაობს.

T35-ის ბაზარზე გამოსვლა  2026 წლისთვისაა დაგეგმილი.

სამივე ბრენდი – Nissan, Daihatsu და BYD კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მომავლის ტრანსპორტი შეიძლება ერთდროულად იყოს ინოვაციური, ეკოლოგიური და მორგებული როგორც კომფორტზე, ისე ქალაქის დინამიკაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები