შესახებ
ინოლა გურგულია – დაიბადა 25 ივლისს 1929 წელს — გარდაიცვალა 9 აპრილს 1977 წელს. ქართველი კომპოზიტორი, პოეტი, მომღერალი.
გაიზარდა თბილისის ძველ უბანში. ყოველ ზაფხულს იგი ატარებდა სამეგრელოს სოფელ ოჩაშონაში. გიტარაზე დაკვრა მამიდამ ასწავლა, ჩონგურსა და ფანდურზე — ძიძამ. მან დაწერა სიმღერები: გიტარა, სიზმარია, ღიმილი მინდა, მადლობელი ვარ, უშენოდ და სხვები; ასევე, 15 საბავშვო სიმღერა, მათ შორის: საქანელა, კარუსელი, გვირილა, განი განდაგანა ოდელია-დელა და ა.შ
1952 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. აქვე მან გიული დარახველიძესა და მედეა სიხარულიძესთან ერთად დააარსა ქალთა ვოკალურ-საკრავიერი ტრიო „სამაია“, რომელიც ასრულებდა გურგულიას მიერ (ხშირად თავისსავე ლექსზე) დაწერილ სიმღერებს. 1960-იან წლებში ის გადაიღეს რამდენიმე ფილმში, სადაც მისი სიმღერებიც ჟღერს. სიცოცხლის განმავლობაში მას არ ჩაუწერია არცერთი ოფიციალური ფირფიტა.
ტრიოს შესრულება გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, ნატიფი ლირიზმით, განცდის უშუალობით. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა თავად გურგულიას მიერ შექმნილ სიმღერებს, რომლებიც წარმოადგენდა თვისობრივად ახალ მიმდინარეობას ქართულ საესტრადო ხელოვნებაში. ეს იყო ერთგვარი აკორდული მღერის სტილი, რომელიც თავისი არსით ძირითადად ქართული ხალხური და ნაწილობრივ ქალაქური სიმღერიდან მომდინარეობდა. ინოლა გურგულია გარდაიცვალა 1977 წელს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები