როდესაც საყვარელ ქალაქურ მოგზაურობებს ვიხსენებთ, გვახსენდება კაფეები, არქიტექტურა და ხმაურიანი მოედნები, ნაკლებად ვფიქრობთ დანაგვიანებულ სივრცეებზე და არაჰიგიენურ ადგილებზე. მოგზაურებისთვის სისუფთავე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კულტურა.
ABTA-ს 2024/25 წლის კვლევის მიხედვით, ევროპა ტურისტებისთვის კვლავ ყველაზე პოპულარული დანიშნულებაა. სანაპიროზე დასვენების შემდეგ კი ქალაქური ტურები ყველაზე მოთხოვნადია.
ამდენი ადამიანი რომ სტუმრობს მსოფლიოს ქალაქებს, ჩნდება კითხვა: რამდენად სუფთაა ესა თუ ის მიმართულება.
კვლევაში გამოყენებულია Euromonitor-ის „ტოპ 100 საუკეთესო დანიშნულების ინდექსი“. თითოეულ ქალაქში აირჩიეს 10 მთავარი სანახაობა და შეისწავლეს მათი Google მიმოხილვები. ბოლო 12 თვის განმავლობაში გააანალიზეს 70,000-ზე მეტი რეალური მიმოხილვა, სადაც ყურადღება მიაქციეს სიტყვებს – „clean“, „dirty“.
მიღებული შედეგები აჩვენებს, რომელი ქალაქებია მსოფლიოს ყველაზე სუფთა და ყველაზე ბინძური და რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება მოგზაურებმა.
მსოფლიოში ყველაზე სუფთა ქალაქები
1. კრაკოვი, პოლონეთი
კვლევის მიხედვით, კრაკოვი მსოფლიოში ყველაზე სუფთა ქალაქია – შეფასებათა 98.5% პოზიტიურია.
მისი რეპუტაცია შექმნილია არა მხოლოდ ტექნიკური წმენდის სიზუსტით, პოლონეთმა ბოლო 10 წელში დიდი თანხები ჩადო ნარჩენების მართვასა და საჯარო სივრცეების განახლებაში.
ევროკავშირის 2023 წლის კვლევაში, კრაკოვის მოსახლეობის 80%-ზე მეტი კმაყოფილია ქალაქის საჯარო სივრცეებით – მოედნებით, ბაზრებით, პარკებით.
ქალაქის კომპაქტური, ფეხით მოსიარულეებისთვის შექმნილი ქუჩები ტურისტს სისუფთავის შეგრძნებას უჩენს.
2. შარჯა, არაბთა გაერთიანებული საამიროები
98%-იანი პოზიტიური შეფასება ადასტურებს, რომ შარჯა ძალიან სუფთა კულტურული ცენტრია. ქალაქმა წლების განმავლობაში მკაცრი ჯარიმები დააწესა ნაგვის დაყრისთვის. ბოლო წლებში 75 მილიონ დირჰამზე მეტი დაიხარჯა დასუფთავების ტექნიკაზე.
3. სინგაპური
სინგაპური უკვე ათწლეულებია გლობალურ სტანდარტადაა ქცეული – 98%-იანი დადებითი შეფასებით. სისუფთავე აქ კულტურის ნაწილია: მკაცრი კანონები, ნარჩენების მართვა, ჰიგიენის აქცენტები სკოლებსა და სამუშაო სივრცეებში.
4. ვარშავა, პოლონეთი
ვარშავა 97.8%-ით უახლოვდება ლიდერებს. ეს შედეგი უკავშირდება ინფრასტრუქტურის აქტიურ განახლებას და საზოგადოებრივ ჩართულობას – მაგალითად, Czysta Warszawa-ს კამპანიას, სადაც მონაწილეთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა.
5. დოჰა, ყატარი
ტურისტებით დატვირთულ დოჰას სისუფთავის შენარჩუნება მაინც შეუძლია: შეფასების 74% ამის დამადასტურებელია. ქალაქი მუდმივად ხარჯავს ფულს დასუფთავების პროგრამებში – მათ შორის Qatar Clean პროგრამაში.