LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპული ბაზრისთვის ელექტრო პიკაპი Toyota Hilux წარადგინეს

121
1428x1428 (1)

კომპანია Toyota-მ ბრიუსელის ავტოსალონზე ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი ახალი თაობის პიკაპი Hilux წარადგინა და მისი ძრავების ხაზი გაასაჯაროვა. თავიდან გაყიდვები სრულად ელექტრული ვერსიით დაიწყება, რაც Hilux-ის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ ბაზარზე დიზელის ძრავიანი მოდიფიკაციაც გამოვა.

ევროპაში ახალი Hilux მხოლოდ ორ მწკრივიანი კაბინით იქნება ხელმისაწვდომი. ფოტოებიდან ჩანს, რომ დიზაინი თითქმის უცვლელია გლობალურ ვერსიასთან შედარებით – პიკაპმა შეინარჩუნა მკვეთრი კუთხეებით გაფორმებული წინა ნაწილი და ვიწრო ფარები. ელექტრული და დიზელის ვერსიების გარჩევა შესაძლებელი იქნება წინა ბამპერითა და რადიატორის ბადის დიზაინით.

ელექტრული Toyota Hilux


ელექტრო პიკაპი სტანდარტულად აღჭურვილი იქნება ორი ელექტროძრავით – წინა ღერძზე 205 ნმ და უკანა ღერძზე 268 ნმ მაბრუნებელი მომენტით (სხვა ტექნიკური მონაცემები ჯერჯერობით არ სახელდება). ენერგიას უზრუნველყოფს 59,2 კვტ⋅სთ ლითიუმ-იონური აკუმულატორი, რომლის დახმარებითაც პიკაპი ერთი დამუხტვით 257-დან 380 კილომეტრამდე შეძლებს გადაადგილებას, ექსპლუატაციის პირობებიდან გამომდინარე.
ელექტრული Hilux-ის ტვირთამწეობა 715 კილოგრამია, ხოლო ბუქსირების შესაძლებლობა – 1,6 ტონა.

დიზელის ვერსია


დიზელის ძრავიანი ვერსია უფრო პრაქტიკული აღმოჩნდა: მისი ტვირთამწეობა ერთი ტონაა, ხოლო ბუქსირებადი მისაბმელის მაქსიმალური წონა – 3,5 ტონა. მოდელი აღჭურვილია 2,8 ლიტრიანი დიზელის ძრავით, რომელსაც 48 ვოლტიანი „რბილი ჰიბრიდის“ სისტემა ეხმარება. სიმძლავრე ოფიციალურად ჯერ არ დასახელებულა, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, ის დაახლოებით 204 ცხენის ძალას შეადგენს. Toyota ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ვერსია უფრო ეკონომიური იქნება იმავე დიზელის არაჰიბრიდულ მოდელთან შედარებით, რომელიც ზოგიერთი ქვეყნის ბაზარზე გაიყიდება.

ევროპაში ელექტრული Toyota Hilux-ის გაყიდვები აპრილში დაიწყება, ხოლო დიზელის ვერსია ბაზარზე ივლისში გამოვა.

დამატებით, გავრცელებული ინფორმაციით, Toyota შესაძლოა იაპონურ ბაზარზე ასევე შემოიყვანოს პიკაპი Tundra, რომელიც აქამდე მხოლოდ აშშ-ისთვის იყო განკუთვნილი. მასთან ერთად, იაპონიაში შეიძლება გამოჩნდეს ჩრდილოამერიკული წარმოების Camry და Highlander-იც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები