2025 წლის სექტემბერში წარმოადგინეს ახალი BMW iX3, რომლის ერთ-ერთი გამორჩეული დეტალი განახლებული ბრენდის ლოგო გახდა. აღსანიშნავია, რომ კომპანიას ეს ცვლილება ოფიციალურად არ დაუანონსებია, თანაც ცვლილებები იმდენად მცირე აღმოჩნდა, რომ მათი შემჩნევა მხოლოდ გამოცდილ თვალს შეეძლო. ემბლემა უფრო მინიმალისტური გახდა, მოიხსნა ზოგიერთი ქრომირებული ელემენტი და გაქრა პრიალა ეფექტი.
ახალ ლოგოზე აღარ არის შიდა ქრომირებული რგოლი, რომელიც გარე წრესა და ბავარიის დროშის ფერებში შესრულებულ ლურჯ-თეთრ სეგმენტებს ყოფდა. თავად ფერებიც უფრო გაჯერებული გახდა. გარდა ამისა, მწარმოებელმა უარი თქვა პრიალა საფარზე და მის ნაცვლად მატი ზედაპირი აირჩია.
წარმოდგენილია ელექტრო კროსოვერი BMW iX3: ახალი სტილი, ოთხი ძრავა და 805 კილომეტრიანი ბატარეა.
აქამდე BMW-ის ჰიბრიდებსა და ელექტრომობილებს ლოგოზე ღია ცისფერი გარე რგოლი ჰქონდათ, რაც მათ ვიზუალურად გამოარჩევდა ნაკადში. ახლა კი კომპანიამ გადაწყვიტა ამ პრაქტიკაზე უარი თქვას და ყველა ავტომობილზე, ძრავის ტიპის მიუხედავად, ერთნაირი ლოგო გამოიყენოს.
ახალი მინიმალისტური ემბლემის გამოყენება ბრენდის ყველა მოდელზე 2026 წლის თებერვლიდან დაიწყება. თავად დეტალი უკვე გამოჩნდა რამდენიმე ევროპულ სათადარიგო ნაწილების მაღაზიაში, თუმცა ზომის მიხედვით შესაძლოა ყველა ძველ მოდელს არ მოერგოს.