გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, Kunstpalast-ის მუზეუმში უჩვეულო გამოფენა გაიმართა, სადაც ისტორიის „ნახვა“ კი არა, მისი შეგრძნება ყნოსვის საშუალებითაა შესაძლებელი. ექსპოზიციაზე დამთვალიერებლებს შეუძლიათ იგრძნონ, როგორი არომატი ჰქონდა სხვადასხვა ეპოქას – ძველი რელიგიური რიტუალებიდან და შუა საუკუნეების პარიზიდან დაწყებული, პირველი მსოფლიო ომითა და აღმოსავლეთ გერმანიით დასრულებული.
გამოფენისთვის 37 დარბაზში 81 განსხვავებული არომატი განათავსეს. თითოეული სუნი კონკრეტული ეპოქისა და შესაბამისი ნამუშევრების მიხედვით შეირჩა, რათა ვიზიტორებს ხელოვნებასა და ისტორიულ ატმოსფეროში უფრო ღრმად „ჩაძირვის“ შესაძლებლობა ჰქონოდათ.
ექსპოზიცია ქრონოლოგიურადაა მოწყობილი. პირველ დარბაზებში ქრისტიანობას, ბუდიზმსა და ინდუიზმს უკავშირდება არომატები, როგორიცაა მური და სანდლის ხე. ძველი რელიგიური ქანდაკებების გვერდით სივრცე სწორედ ამ სურნელებით ივსება.

გამოფენის ყველაზე მძაფრი გამოცდილება სტუმრებს შუა საუკუნეების პარიზის დარბაზში ელოდებათ. იქ ჰაერში კანალიზაციის, ნესტისა და ნარჩენების მძაფრი სუნი ტრიალებს, რათა ვიზიტორებმა იმდროინდელი ქალაქის მძიმე სანიტარიული პირობები უკეთ წარმოიდგინონ.
პირველი მსოფლიო ომის სექციაში კი სპეციალური ეფექტებით დენთის, სისხლისა და გოგირდის სუნის ნაზავია შექმნილი. კურატორების თქმით, ეს ერთგვარი მცდელობაა, ადამიანებმა ომის სისასტიკე არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ ემოციურადაც აღიქვან.
სრულიად განსხვავებული ატმოსფეროა 1920-იანი წლების დარბაზში – იქ სივრცე თამბაქოს, ტყავისა და ვანილის არომატებითაა გაჯერებული, რაც იმ ეპოქის თავისუფლებისა და ოპტიმიზმის სიმბოლოდ მიიჩნევა.