BBC-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საკულტო საავტომობილო შოუ Top Gear ეკრანებზე დაბრუნდება. გადაცემის წარმოება 2022 წელს შეჩერდა მას შემდეგ, რაც მისი წამყვანი ენდრიუ ფლინტოფი გადაღებების დროს სერიოზულ ავარიაში მოყვა.
Top Gear-ის დაბრუნების შესახებ BBC-ის გასართობი კონტენტის დირექტორმა ედ ჰავარდმა ედინბურგის სატელევიზიო ფესტივალზე ისაუბრა. თუმცა, ახალი სეზონის წამყვანების ვინაობა ჯერ ოფიციალურად არ სახელდება. ბრიტანულ მედიაში პროექტთან დაკავშირებით კომიკოს ჯიმი კართან და ყოფილ მორაგბე ჯო მარლერთან თანამშრომლობაზე საუბრობენ.
ამასთან, შოუში კვლავ გამოჩნდება მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი – იდუმალი საცდელი მრბოლელი The Stig, რომლის ვინაობაც ტრადიციულად საიდუმლოდ რჩება.
Top Gear-ის ახალი სეზონის წარმოებას BBC Studios უხელმძღვანელებს, ხოლო პრემიერა მომდევნო 12 თვის განმავლობაშია მოსალოდნელი.

გადაცემის ისტორია 1977 წლიდან იწყება, თუმცა მისი ყველაზე წარმატებული პერიოდი 2000-იანი წლების დასაწყისში დადგა, როდესაც წამყვანები ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰამონდი და ჯეიმს მეი გახდნენ. მათ Top Gear ჩვეულებრივი საავტომობილო პროგრამიდან გლობალურ გასართობ შოუდ აქციეს.
ლეგენდარულმა სამეულმა პროექტი 2015 წელს დატოვა, რის შემდეგაც BBC-მ სხვადასხვა წამყვანით გადაცემის ფორმატის შენარჩუნება რამდენჯერმე სცადა. თუმცა, საბოლოოდ Top Gear-ის წარმოება 2022 წელს შეჩერდა.
ახლა BBC შოუს ახალი ფორმატით დაბრუნებას გეგმავს. მთავარი კითხვა კი ის არის, შეძლებს თუ არა ახალი წამყვანების გუნდი იმ წარმატების გამეორებას, რომელიც Top Gear-ს კლარკსონმა, ჰამონდმა და მეიმ მოუტანეს.