LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-ი ელექტრომობილებს ხანძრის გაჩენის საშიშროების გამო ხელახლა გაიწვევს

158
ქირიას NEWS შაბლონი (4)

გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen-ი ელექტრო კროსოვერ ID.4-ის 22 500-ზე მეტ ავტომობილს აშშ-ში ხელახლა გაიწვევს. მიზეზი მაღალი ძაბვის აკუმულატორში შესაძლო გაუმართაობაა, რომელმაც გარკვეულ პირობებში შესაძლოა ბატარეის გადახურება და ხანძარი გამოიწვიოს. მიმდინარე წელს ეს ID.4-ის ბატარეებთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამოცხადებული მორიგი მასშტაბური გაწვევაა. 

გაწვევა 22 524 ავტომობილს შეეხება, რომლებიც 2023–2026 სამოდელო წლების კატეგორიას მიეკუთვნება. აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციისთვის (NHTSA) წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, საუბარია ავტომობილებზე, რომლებიც 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2025 წლის 1-ელ თებერვლამდე პერიოდშია წარმოებული.

Volkswagen-ს გაუმართაობის ზუსტი მიზეზი ჯერ არ დაუდგენია. კომპანიის ინფორმაციით, გარკვეული ტიპის დამუხტვის რეჟიმისა და ბატარეის 80 პროცენტზე მეტი დამუხტვის დონის კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ე.წ. თერმული გავრცელება – პროცესი, რომლის დროსაც აკუმულატორში გადახურება ერთი ელემენტიდან მეორეზე ვრცელდება და შესაძლოა ხანძრით დასრულდეს.

საბოლოო ტექნიკური გამოსავალი ჯერ შემუშავებული არ არის. პრობლემის აღმოფხვრამდე Volkswagen-ი ავტომობილების მფლობელებს ურჩევს, ბატარეა მაქსიმუმ 80 პროცენტამდე დამუხტონ. 

მწარმოებელი პრობლემის მიზეზების დასადგენად აკუმულატორის ელემენტების მომწოდებელ SK Battery America-სთანაც თანამშრომლობს. Volkswagen-ის ინფორმაციით, 2024 წლის იანვრიდან 2026 წლის აგვისტომდე კომპანიამ პრობლემასთან დაკავშირებული 22 საჩივარი მიიღო. ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რა ტექნიკური ფაქტორი იწვევს გაუმართაობას და როდის გახდება შესაძლებელი მისი საბოლოოდ აღმოფხვრა.

ავტომობილების მფლობელებისთვის უსაფრთხოების რისკის შესახებ შეტყობინებების გაგზავნა 2026 წლის 27 ნოემბრიდან იგეგმება. შეკეთების მეთოდის განსაზღვრის შემდეგ კომპანია მომხმარებლებს დამატებით ინფორმაციას მიაწვდის.

ეს Volkswagen-ისთვის წელს ბატარეებთან დაკავშირებული პირველი გაწვევა არ არის. 2026 წლის მარტში კომპანიამ და მისმა ჯგუფში შემავალმა ბრენდებმა დაახლოებით 100 000 ელექტრომობილის გაწვევის შესახებ განაცხადეს. იმ შემთხვევაში პრობლემა მაღალი ძაბვის ბატარეის ცალკეულ მოდულებს უკავშირდებოდა, რომლებსაც შესაძლოა ავტომობილის სვლის მარაგი შეემცირებინა და ხანძრის საფრთხე შეექმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები