LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელმა მებაღემ გიგანტური გოგრა გაზარდა და საკუთარი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა

158
ქირიას NEWS შაბლონი (8)

ბრიტანელმა მებაღემ, იან პატონმა მსოფლიოში ყველაზე მძიმე გოგრის რეკორდი გააუმჯობესა. ჰემფშირის საგრაფოში მცხოვრებმა მებაღემ 1 295,8 კილოგრამის წონის გიგანტური გოგრა გაზარდა, რომელსაც „ბაგირა“ დაარქვა. რეკორდი 2026 წლის 3 ოქტომბერს დადასტურდა.

„გინესის მსოფლიო რეკორდების“ ინფორმაციით, გოგრის წონა 1 295,8 კილოგრამი, ანუ დაახლოებით 1,3 ტონა იყო. მისი სახელი რუდიარდ კიპლინგის ცნობილი საბავშვო ნაწარმოების, „ჯუნგლების წიგნის“, პერსონაჟს – შავ პანტერა ბაგირას უკავშირდება. სახელის შერჩევა პატონს შვილმა შესთავაზა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც იან პატონი მსოფლიო რეკორდს ამყარებს. 2025 წელს მან და მისმა ტყუპისცალმა ძმამ, სტიუარტმა, 1 278,8 კილოგრამის წონის გოგრით ყველაზე მძიმე გოგრის ტიტული მოიპოვეს. მაშინ მათ ამერიკელი მებაღის, ტრევის გინჯერის რეკორდი გააუმჯობესეს. ახალი ნაყოფი კი წინა რეკორდს თითქმის 17 კილოგრამით აღემატება.

ძმები გიგანტურ გოგრებს 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ერთად ზრდიდნენ. თუმცა, გასულ წელს მიღწეული წარმატების შემდეგ, სტიუარტმა ამ საქმიანობისგან დასვენება გადაწყვიტა, იანმა კი რეკორდის გაუმჯობესება განაგრძო. წელს მან გოგრა დამოუკიდებლად გაზარდა, რისთვისაც, მისი თქმით, ორი თვის განმავლობაში დღეში ექვს საათამდე მუშაობა უწევდა.

გიგანტური გოგრის გაზრდას განსაკუთრებული პირობები და დიდი შრომა სჭირდება. პატონი მცენარეების სათბურში მოყვანას ანიჭებს უპირატესობას, რადგან ეს მათ სეზონის დასაწყისშივე ზრდის საშუალებას აძლევს და ნაყოფის სრულად განვითარებისთვის მეტ დროს ქმნის. ზაფხულის სიცხის დროს სათბურში ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს აღწევდა, მცენარეებს კი დღეში დაახლოებით 590 ლიტრამდე წყალს აწვდიდნენ.

პატონის განმარტებით, გოგრას გოლფის ბურთის ზომიდან გიგანტურ ნაყოფამდე გასაზრდელად დაახლოებით 120 დღე სჭირდება. ამ პერიოდში მისი წონა ზოგჯერ დღეში 32 კილოგრამამდე იზრდება.

„ბაგირა“ წელს მებაღის მიერ გაზრდილი ერთადერთი შთამბეჭდავი გოგრა არ ყოფილა. სექტემბერში, გიგანტური ბოსტნეულის ეროვნულ ჩემპიონატზე, პატონმა პირველი ადგილი მოიპოვა კიდევ ერთი გოგრით, სახელად „ბალუ“. მისი წონა 1 258 კილოგრამი იყო, რაც იმ დროისთვის ისტორიაში მეორე ყველაზე მძიმე გოგრის მაჩვენებლად ითვლებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ „ბაგირამ“ ყველაზე მძიმე გოგრის ტიტული მოიპოვა, პატონების წინა რეკორდსმენი, „მაგლი“, სხვა მიღწევას კვლავ ინარჩუნებს: მისი გარშემოწერილობა 649,8 სანტიმეტრია, რაც ამ კატეგორიაში რეკორდული მაჩვენებელია. ახალი რეკორდსმენის გარშემოწერილობა კი 596,9 სანტიმეტრს შეადგენს.

იან პატონი მიღწეულით გაჩერებას არ აპირებს. მისი მომდევნო მიზანი 3 000 ფუნტის, დაახლოებით 1 361 კილოგრამის წონის გოგრის გაზრდაა. „ბაგირასგან“ უკვე 2 600-ზე მეტი თესლი აიღეს, რაც მებაღეს მომავალ სეზონზე ახალი რეკორდის დამყარების შესაძლებლობას აძლევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები