LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი ჩინური ჰიბრიდების იმპორტს წელიწადში 350 000 ავტომობილამდე შეზღუდავს

137
ქირიას NEWS შაბლონი


ევროკავშირი 2026 წლის 1-ელი დეკემბრიდან ჩინეთიდან ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტზე შეზღუდვას აამოქმედებს. შეთანხმების მიხედვით, ევროპულ ბაზარზე ყოველწლიურად მაქსიმუმ 350 000 ასეთი ავტომობილის შეტანა იქნება შესაძლებელი. კვოტა ოთხი წლის განმავლობაში იმოქმედებს, ხოლო მეორე წლიდან მისი გაზრდა ყოველწლიურად 6%-ით იგეგმება.

როგორც გამოცემა Reuters-ი წერს, შეთანხმებას ჩინეთმა და ევროკავშირმა სავაჭრო მოლაპარაკებების ფარგლებში მიაღწიეს. შეზღუდვა ყველა ტიპის ჰიბრიდულ ავტომობილზე გავრცელდება, მათ შორის ისეთ მოდელებზეც, რომელთა ბატარეის გარე წყაროდან დამუხტვა შეუძლებელია.

ევროკომისიის შეფასებით, 2026 წელს ჩინეთიდან ევროპაში დაახლოებით 800 000 ჰიბრიდული ავტომობილის იმპორტია მოსალოდნელი. ახალი კვოტა ამ მოცულობას ნახევარზე მეტად შეამცირებს. ბრიუსელის მიზანია ჩინური ავტომობილების მზარდი გავლენის შეზღუდვა და ევროპული მწარმოებლების დაცვა, რომლებიც ფასისა და კონკურენციის კუთხით მზარდ ზეწოლას განიცდიან.

2024 წელს ევროკავშირმა ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე დამატებითი საბაჟო გადასახადები დააწესა. ამის შემდეგ ჩინურმა ავტომწარმოებლებმა ევროპაში ჰიბრიდული მოდელების მიწოდება გააფართოეს, რადგან ისინი თავდაპირველი შეზღუდვების ქვეშ არ ხვდებოდნენ. ახალი შეთანხმება სწორედ ამ მიმართულებით იმპორტის შემცირებას ისახავს მიზნად.

შეთანხმების ფარგლებში ჩინეთი გარკვეულ ევროპულ საქონელზე, მათ შორის ავტონაწილებზე, საბაჟო გადასახადების შემცირებასაც დათანხმდა. მხარეები იმედოვნებენ, რომ მიღწეული შეთანხმება სავაჭრო დაძაბულობას შეამცირებს და ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური ურთიერთობების უფრო დაბალანსებულ განვითარებას შეუწყობს ხელს.