იაპონური პრემიუმ ბრენდი Acura მოდელების ხაზის გაფართოებას გეგმავს და ისტორიაში ყველაზე დიდი კროსოვერის შექმნაზე მუშაობს. ახალი ავტომობილი რვა მგზავრზე იქნება გათვლილი და ბრენდის ამჟამინდელ ფლაგმან MDX-ზე ერთი საფეხურით მაღლა განთავსდება.
კომპანიის ინფორმაციით, ახალი კროსოვერი ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრისთვის მზადდება და მისი გამოშვების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. ამასთან, Acura-მ დაადასტურა, რომ 2028 წელს ბაზარზე ახალი თაობის RDX გამოვა, რომელიც ბრენდის ისტორიაში პირველი მოდელი იქნება – ორ ძრავიანი ჰიბრიდული სისტემით.
კომპანია ასევე ამზადებს სრულიად ახალ, თავგადასავლებისთვის განკუთვნილ SUV-ს, რომლის დებიუტიც 2028 წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი. ამ მოდელის დანიშნულება იქნება იმ მომხმარებლების მოზიდვა, რომლებსაც როგორც ყოველდღიური გადაადგილებისთვის, ისე უგზოობისთვის შესაფერისი ავტომობილი სჭირდებათ.

Acura-ს ახალი სტრატეგია პრემიუმკლასის დიდი საოჯახო ავტომობილების მზარდ მოთხოვნას უკავშირდება. რვაადგილიანი კროსოვერი ბრენდს საშუალებას მისცემს, უფრო ფართო სეგმენტში შევიდეს და ისეთი კონკურენტების წინააღმდეგ იბრძოლოს, როგორებიცაა Lexus და სხვა მსხვილი პრემიუმ მწარმოებლები.
ახალი ფლაგმანის ტექნიკური მახასიათებლები, ძრავის მონაცემები და ფასი ჯერ არ გახმაურებულა. Acura-ს ცნობით, პარალელურად მუშავდება ახალი V6 ჰიბრიდული ძალური დანადგარიც, რომელიც სპორტულ მახასიათებლებთან ერთად საწვავის ეკონომიასა და ბუქსირების გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს უნდა უზრუნველყოფდეს.