LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის საუკეთესო პლაჟად იტალიის პატარა საკურორტო ქალაქი სპერლონგა დასახელდა

149
ქირიას NEWS შაბლონი

იტალიის სანაპიროზე მდებარე სპერლონგა ევროპის საუკეთესო პლაჟების რეიტინგის სათავეში მოექცა. ქალაქმა ტურისტული ჟურნალის, Condé Nast Traveller-ის, მკითხველთა გამოკითხვაში 100-დან 96,67 ქულა მიიღო და მალტის, თურქეთისა და პორტუგალიის პოპულარულ საზღვაო კურორტებს აჯობა.

სპერლონგა ლაციოს რეგიონში, ტირენიის ზღვის სანაპიროზე, რომსა და ნეაპოლს შორის მდებარეობს. პატარა ქალაქში 4 ათასზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. მისი სანაპირო ზოლი თითქმის ხუთ კილომეტრზეა გადაჭიმული და გამოირჩევა რბილი ქვიშით, სუფთა, გამჭვირვალე წყლითა და მთების ხედებით.

სპერლონგას უპირატესობად არა მხოლოდ ბუნებრივი სილამაზე, არამედ მშვიდი გარემოც მიიჩნევა. სხვა ხმაურიანი საკურორტო ადგილებისგან განსხვავებით, აქ შედარებით წყნარი ატმოსფეროა, რაც დასვენების მსურველებს იზიდავს.

პლაჟის მიღმა ძველი ქალაქი იწყება, სადაც ვიწრო ქვაფენილიანი ქუჩები, კიბეები და თეთრი სახლები ფერდობზე ზღვისკენ ეშვება. დასახლებასთან ახლოს რომის იმპერატორ ტიბერიუსის უძველესი ვილის ნანგრევებიცაა შემორჩენილი. ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი ანტიკური ქანდაკებების ნახვა ადგილობრივ არქეოლოგიურ მუზეუმშია შესაძლებელი.

Condé Nast Traveller-ის 2026 წლის რეიტინგში სპერლონგას შემდეგ მეორე ადგილი მალტის ცისფერმა ლაგუნამ დაიკავა, მესამეზე თურქეთის პატარას პლაჟი გავიდა, მეოთხე ადგილი კი პორტუგალიის პრაია-და-ფალეზიას ერგო. ხუთეულში ასევე მოხვდა საბერძნეთის ფალასარნას პლაჟი.

რეიტინგი ჟურნალის მკითხველთა შეფასებებს ეფუძნება და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სანაპირო დასასვენებელ ადგილებს აერთიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები