LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში საწვავის ფასები ერთ წელიწადში 50%-ზე მეტით გაიზარდა

164
ქირიას NEWS შაბლონი (6)

გერმანიაში ნავთობპროდუქტების ფასებმა სექტემბერში მკვეთრად მოიმატა. ფედერალური სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში ღირებულება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 51,3%-ით, ხოლო აგვისტოსთან შედარებით 8,2%-ით გაიზარდა. ფასების ზრდის ერთ-ერთ მიზეზად ირანსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი სახელდება.

საავტომობილო საწვავი წლიურ ჭრილში 48,6%-ით გაძვირდა. სხვა ენერგომატარებლებზეც მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა: ნაფტას ფასი 53,8%-ით, ხოლო მსუბუქი გასათბობი საწვავის ღირებულება – 91,8%-ით გაიზარდა.

მთლიანობაში, გერმანიაში ენერგომატარებლები 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 14,9%-ით გაძვირდა, ხოლო აგვისტოსთან შედარებით – 5,8%-ით. ბუნებრივი აირის ფასი წლიურად 15%-ით, ელექტროენერგიის კი 8,2%-ით გაიზარდა. ამავე დროს, ცენტრალური გათბობის ტარიფი 0,5%-ით შემცირდა.

საწვავის გაძვირების გამო საპროტესტო აქციები იტალიაშიც გაიმართა. სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა და ფერმერებმა საწვავის ფასების ზრდა გააპროტესტეს, გადაკეტეს მნიშვნელოვანი ავტომაგისტრალები და ნეაპოლის პორტთან მისასვლელი გზები. ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე შეფერხდა რამდენიმე მსხვილი სავაჭრო ქსელის სადისტრიბუციო ცენტრის მუშაობაც.

საფრანგეთი საწვავის ბაზარზე ვითარების სტაბილიზაციას მიწოდების გაზრდით ცდილობს. ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ბაჰრეინიდან საფრანგეთის ბაზრისთვის დიზელის ყოველთვიურად მიწოდებაზე შეთანხმდა. მანამდე საფრანგეთმა საუდის არაბეთთანაც გააფორმა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ოქტომბერსა და ნოემბერში ქვეყანას 95 ათასი ტონა დიზელის საწვავი უნდა მიეწოდოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები