LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ChatGPT-ს დაფარული ჩატები ემატება

165
ქირიას NEWS შაბლონი

OpenAI-მ ChatGPT-ში დაცული ჩატების ფუნქციის დანერგვა დაიწყო, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს კონკრეტული საუბრების დამალვა და მათზე წვდომის შეზღუდვა შეეძლებათ. ჩაკეტილი მიმოწერის გასახსნელად ოთხნიშნა PIN კოდი იქნება საჭირო.

ახალი ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეინახონ მნიშვნელოვანი ან პირადი საუბრები ისე, რომ ისინი ჩატების ჩვეულებრივ ისტორიაში, დამაგრებული საუბრების სიასა და საერთო ძიებაში აღარ გამოჩნდეს. დაცული მიმოწერების ნახვა ცალკე განყოფილებაში იქნება შესაძლებელი.

მობილურ მოწყობილობებზე მომხმარებლებს PIN კოდის ნაცვლად, სურვილის შემთხვევაში, Face ID-ის, Touch ID-ის ან მოწყობილობის განბლოკვის სხვა მხარდაჭერილი მეთოდის გამოყენებაც შეეძლებათ.

ფუნქცია განსაკუთრებით გამოსადეგი შეიძლება იყოს მათთვის, ვინც ChatGPT-ს საერთო კომპიუტერზე ან სხვა ადამიანებთან გაზიარებულ მოწყობილობაზე იყენებს და არ სურს, პირადი საუბრები შემთხვევით ეკრანზე გამოჩნდეს.

თუმცა, ჩატის ჩაკეტვა სრულ კონფიდენციალურობას არ ნიშნავს. OpenAI-ის განმარტებით, ეს ფუნქცია არ ქმნის ცალკე დაშიფრულ საცავს და არ უზრუნველყოფს თავიდან ბოლომდე დაშიფვრას. ჩაკეტვა ასევე არ ცვლის მონაცემების შენახვის ვადებს ან მოდელის გაუმჯობესებისთვის მონაცემების გამოყენების არსებულ პარამეტრებს.

მომხმარებლებმა PIN კოდის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. თუ კოდი დაავიწყდათ და მისი განულება გადაწყვიტეს, სისტემა სამუდამოდ წაშლის ყველა ჩაკეტილ ჩატს, მათში შენახულ მეხსიერების ინფორმაციასა და დაცულ ფაილებს. OpenAI-ის მხარდაჭერის სამსახური წაშლილი მონაცემების აღდგენას ვერ შეძლებს.

ახალი ფუნქცია ChatGPT-ის უფასო და ფასიანი ანგარიშებისთვის ეტაპობრივად ხდება ხელმისაწვდომი. კომპიუტერზე ჩატების ჩაკეტვა შესაძლებელია ChatGPT-ის ახალ Windows-ისა და macOS-ის აპლიკაციებში, ხოლო მობილურ მოწყობილობებზე – მხარდაჭერილ iOS და Android აპლიკაციებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები