LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუბაის პოლიციას 1200 ცხენისძალიანი ავტომობილი შეემატა, რომელსაც ცურვა შეუძლია

152
ქირიას NEWS შაბლონი

დუბაის პოლიციის ავტოპარკს ჩინური ყველგანმავალი BYD Yangwang U8 შეემატა, რომელსაც არა მხოლოდ მაღალი სიმძლავრე და გამავლობა, არამედ წყლის ზედაპირზე ცურვის შესაძლებლობაც აქვს. 1197 ცხენისძალიანი ჰიბრიდული ავტომობილი ტურისტული პატრულის შემადგენლობაში იმუშავებს.

Yangwang U8 დუბაიში, წყლის, ენერგეტიკის, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის საერთაშორისო გამოფენაზე – WETEX 2026-ზე წარადგინეს. ავტომობილი პოლიციის ავტოპარკში Al-Futtaim Automotive Group-თან თანამშრომლობით მოხვდა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში Yangwang-ის ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია.

ახალი ყველგანმავალი დუბაის ცნობილ ტურისტულ ადგილებში, მათ შორის, ბურჯ-ხალიფას მიმდებარე ტერიტორიაზე, შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდის ბულვარსა და Jumeirah Beach Residence-ის რაიონში იმოძრავებს. მისი დანიშნულება მხოლოდ პატრულირება არ იქნება – ავტომობილი ტურისტებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს პოლიციის მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიღებასა და საჭიროების შემთხვევაში დახმარების მოძიებაშიც დაეხმარება.

Yangwang U8-ის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო შესაძლებლობა საგანგებო ვითარებაში წყლის ზედაპირზე დარჩენა და გადაადგილებაა. მწარმოებლის მიერ გათვალისწინებული სპეციალური რეჟიმი ავტომობილს დატბორილ ტერიტორიებზე გადაადგილებაში ეხმარება. ყველგანმავალს წყალში დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში შეუძლია გაჩერება და დაბრკოლებების გადალახვა.

მოდელის კიდევ ერთი გამორჩეული ფუნქცია ადგილზე 360 გრადუსით შემობრუნებაა. ამისთვის ავტომობილს წინ ან უკან გადაადგილება არ სჭირდება, რაც ვიწრო სივრცეებში მანევრირებას ამარტივებს.

Yangwang U8-ის ჰიბრიდული ძალური დანადგარი ოთხ ელექტროძრავას აერთიანებს და ჯამში 1197 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 3,6 წამში აღწევს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მასა სამ ტონას აღემატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები