LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორვატიაში კამპანია „სუპერ მამა“ დაიწყო – ინიციატივა მამებს შვილების აღზრდაში უფრო აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს

141
ქირიას NEWS შაბლონი

ხორვატიაში კამპანია „სუპერ მამა“ (SuperTata) დაიწყო, რომლის მიზანია, მამები შვილების აღზრდასა და საოჯახო საქმეებში უფრო აქტიურად ჩართოს. ინიციატივის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ კარგი მამობა მხოლოდ ბავშვთან თამაშს არ გულისხმობს – ის ყოველდღიური პასუხისმგებლობების თანაბრად გაზიარებასაც მოიცავს, იქნება ეს სადილის მომზადება, ბავშვის დაბანა თუ სახლის დალაგება.

კამპანიას ხორვატიული არასამთავრობო ორგანიზაცია Status M საერთაშორისო ინიციატივის MenCare-ის ფარგლებში ახორციელებს. პროექტში ჩართული არიან საოჯახო ცენტრები, სოციალური სამსახურები და სამედიცინო დაწესებულებები. შეხვედრებზე მომავალი და ახალგაზრდა მამები სპეციალისტებთან ერთად განიხილავენ ბავშვზე ზრუნვის საკითხებს, ოჯახში მოვალეობების განაწილებასა და პარტნიორებს შორის ურთიერთობებს. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მამებმა თავი არა დედების დამხმარეებად, არამედ შვილებზე ზრუნვის თანაბარუფლებიან მონაწილეებად აღიქვან.

ინიციატივის საჭიროებას ქვეყანაში საოჯახო საქმეების არათანაბარი განაწილება განაპირობებს. მიუხედავად იმისა, რომ ხორვატიაში სულ უფრო მეტი ოჯახი უჭერს მხარს თანასწორობას, ყოველდღიური საოჯახო პასუხისმგებლობების დიდი ნაწილი კვლავ ქალებზე მოდის. კვლევების თანახმად, სამუშაო დღეებში ქალები საოჯახო საქმეებს საშუალოდ დაახლოებით ოთხ საათს უთმობენ, კაცები კი – ერთ საათზე ნაკლებს.

კამპანიის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ოჯახური ვალდებულებების უფრო თანაბრად განაწილება ორივე მშობლისთვის სასარგებლოა. ეს ამცირებს ემოციური გადაღლის რისკს, ხელს უწყობს პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას და მამებს შვილებთან მეტი დროის გატარების საშუალებას აძლევს არა მხოლოდ დასვენებისას, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.

მამის აქტიური მონაწილეობა ბავშვის აღზრდაში გავლენას ახდენს მომავალ თაობაზეც. ბავშვები ხშირად იმეორებენ იმ ოჯახურ მოდელს, რომელსაც საკუთარ სახლში ხედავენ. თუ ბიჭი ბავშვობიდან აკვირდება, როგორ ინაწილებენ მშობლები საოჯახო საქმეებსა და შვილებზე ზრუნვას, დიდია ალბათობა, რომ მომავალში თავადაც მსგავსi მიდგომა აირჩიოს.

ორგანიზატორების აზრით, ოჯახში პასუხისმგებლობების თანაბარი განაწილება ბავშვობიდანვე უნდა იქცეს ბუნებრივ მოვლენად. ბევრ ქვეყანაში გოგონები ადრეული ასაკიდან უფრო მეტ საოჯახო საქმეს ასრულებენ, ვიდრე ბიჭები. როდესაც ბავშვები ხედავენ, რომ მშობლები ვალდებულებებს თანაბრად ინაწილებენ, მათთვის ასეთი ურთიერთობა ოჯახის ჩვეულებრივ მოდელად ყალიბდება.

MenCare-ის მონაცემებით, მამების აქტიური ჩართულობა შვილების აღზრდასა და ყოველდღიურ საოჯახო ცხოვრებაში პარტნიორებს შორის ნდობას აძლიერებს და ოჯახში ძალადობის რისკის შემცირებასაც უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, მსგავსი ინიციატივები სხვადასხვა ქვეყანაში სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები