LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Skoda 2030 წლამდე თანამშრომლების ხელფასების გაყინვას გეგმავს – პროფკავშირები წინააღმდეგია

159
ქირიას NEWS შაბლონი (3)

ჩეხური ავტომწარმოებელი Skoda Auto, რომელიც გერმანული Volkswagen-ის ჯგუფის ნაწილია, თანამშრომელთა ხელფასების ზრდის მოთხოვნას ეწინააღმდეგება. პროფკავშირების ინფორმაციით, კონცერნის ხელმძღვანელობა ხელფასების, დანამატებისა და პრემიების გაყინვას 2030 წლამდე გეგმავს.

პროფკავშირების პოზიცია ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იაროსლავ პოვშიკმა გაახმოვანა. მისი თქმით, თანამშრომლები არ აპირებენ დათანხმდნენ ანაზღაურების ზრდის სრულად შეჩერებასა და ბონუსების გაუქმებას. პროფკავშირები მიიჩნევენ, რომ ხარჯების შემცირების ძირითადი ტვირთი მხოლოდ Skoda-ს თანამშრომლებს არ უნდა დააწვეს.

პოვშიკის განცხადებით, კომპანიის ხელმძღვანელობამ მუშაკებს პირველად მიანიშნა, რომ რთულმა ეკონომიკურმა ვითარებამ შესაძლოა მომავალში საწარმოო სიმძლავრეების დატვირთვასა და დასაქმებას საფრთხე შეუქმნას. პროფკავშირების ლიდერმა გააფრთხილა მენეჯმენტი, რომ თანამშრომლების გათავისუფლების დაწყების შემთხვევაში ისინი მზად არიან, წარმოება სამივე ჩეხურ ქარხანაში შეაჩერონ.

Skoda ჩეხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო კომპანიაა. მას ქვეყანაში სამი საწარმოო ქარხანა აქვს და ათიათასობით ადამიანს ასაქმებს. კომპანიის მდგომარეობა ამჟამად Volkswagen-ის ჯგუფის ზოგიერთი სხვა ბრენდის მდგომარეობაზე უკეთესად ფასდება, თუმცა ისიც კონცერნის საერთო ხარჯების შემცირებისა და რესტრუქტურიზაციის გეგმების ნაწილია.

Volkswagen-მა ხელფასების ზრდის შეჩერების გეგმა ოქტომბერში წამოაყენა. Reuters-ის ცნობით, ინიციატივა დაახლოებით 660 ათას თანამშრომელს ეხება და ხარჯების შემცირების უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია. პროფკავშირების შეფასებით, ინფლაციის გათვალისწინების გარეშე ხელფასების ხანგრძლივმა გაყინვამ დასაქმებულთა მსყიდველუნარიანობა შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს.

Skoda-ს წარმომადგენლებს ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება საჯაროდ არ დაუდასტურებიათ. კომპანიამ განმარტა, რომ ამჟამინდელი კოლექტიური შეთანხმება 2027 წლის 31 მარტამდე მოქმედებს და მოლაპარაკებების შესაძლო შედეგებზე კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები