Hyundai Tucson-ის მეხუთე თაობამ სამხრეთ კორეის ბაზარზე გაყიდვების დაწყებისთანავე რეკორდული შედეგი აჩვენა. შეკვეთების მიღების პირველივე დღეს კომპანიამ 15 045 განაცხადი მიიღო, რაც მოდელის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.
Hyundai motors-ის მონაცემებით, ახალი თაობის კროსოვერზე შეკვეთების მიღება 21 ოქტომბერს დაიწყო. წინა რეკორდი 2020 წელს წარდგენილ მეოთხე თაობას ეკუთვნოდა, რომელმაც პირველივე დღეს 10 842 შეკვეთა მიიღო. ახალი მოდელის შედეგი წინა რეკორდს დაახლოებით 39%-ით აღემატება.

მყიდველების არჩევანში მნიშვნელოვანი ცვლილება ჰიბრიდული ვერსიის პოპულარობაა. პირველ დღეს მიღებული შეკვეთების 55% ჰიბრიდულ მოდიფიკაციაზე მოდიოდა, მაშინ როდესაც წინა თაობის შემთხვევაში ამ ვერსიის წილი 48% იყო. ამგვარად, მოდელის ისტორიაში პირველად ჰიბრიდულმა ვერსიამ ბენზინის ძრავიან ვარიანტს პოპულარობით გადაასწრო.

ახალი Tucson-ი სამხრეთ კორეაში ორი ტიპის ძალოვანი დანადგარით იქნება ხელმისაწვდომი. ბენზინის ვერსიას 1,6 ლიტრიანი ტურბო ძრავა აქვს, რომლის სიმძლავრე 193 ცხენის ძალას შეადგენს. ის რვა საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. ჰიბრიდული სისტემის ჯამური სიმძლავრე კი 245 ცხენის ძალაა.

კროსოვერმა შეიცვალა დიზაინი და გაიზარდა ზომებში. მისი სიგრძე 4700 მილიმეტრია, სიგანე – 1905 მილიმეტრი, ხოლო ბორბლების ბაზა 2785 მილიმეტრს აღწევს. ახალი მოდელის გარეგნობა Hyundai-ს დიზაინის მიმართულებას – „ფოლადის ხელოვნებას“ ეფუძნება. ავტომობილს ასევე აქვს განახლებული მულტიმედიური სისტემა Pleos Connect, რომელიც 17 დუიმიან ეკრანსა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ Gleo AI ასისტენტს მოიცავს.

სამხრეთ კორეაში ახალი Tucson-ის საწყისი ფასი ბენზინის ვერსიისთვის 31,4 მილიონი ვონია, ჰიბრიდული მოდიფიკაციის ფასი კი 36,15 მილიონი ვონიდან იწყება.