იაპონური ავტომწარმოებელი Mazda ჰიბრიდული ავტომობილების ხაზის გაფართოებას გეგმავს. კომპანიის 2026 წლის ინტეგრირებული ანგარიშის თანახმად, საკუთარი ჰიბრიდული ტექნოლოგიის გამოყენება უფრო დიდი ზომის მოდელებშიც განიხილება. ეს შესაძლოა შეეხოს CX60-ს, CX70-ს, CX80-სა და CX90-ს, თუმცა მათი ახალი აგრეგატებით აღჭურვის საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
კომპანიის ელექტრიფიკაციის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ახალი Skyactiv-Z ბენზინის ძრავა და Mazda-ს მიერ შემუშავებული ჰიბრიდული სისტემა იქნება. მათი დებიუტი ახალი თაობის CX-5-ში 2027 წლის ბოლომდე იგეგმება. მწარმოებლის მიზანია, საწვავის ეკონომიურობა გააუმჯობესოს ისე, რომ ავტომობილებმა ბრენდისთვის დამახასიათებელი მართვის შეგრძნება და დინამიკა შეინარჩუნონ.
Skyactiv-Z ოთხ ცილინდრიანი ძრავაა, რომლის ტექნოლოგიაც წვის პროცესის ეფექტურობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. „მაზდას“ განცხადებით, ახალი აგრეგატი მკაცრ გარემოსდაცვით მოთხოვნებთან უნდა იყოს შესაბამისობაში. კომპანია ასევე მუშაობს ამ ტექნოლოგიების გამოყენებაზე თავის რიგით ექვს ცილინდრიან ძრავებში, რომლებიც უფრო დიდ მოდელებში გამოიყენება.
ამჟამად „მაზდას“ ზოგიერთი ჰიბრიდული მოდელი პარტნიორების ტექნოლოგიებს იყენებს. მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდული CX-50 Hybrid Toyota-ს ჰიბრიდულ სისტემაზეა დაფუძნებული. საკუთარი ტექნოლოგიის განვითარება კი კომპანიას საშუალებას მისცემს, ჰიბრიდული აგრეგატების შექმნა და შემდგომ მოდელებში დანერგვა მეტად გააკონტროლოს.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი ჰიბრიდები კომპანიის გეგმებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, Mazda სრულად ელექტრომობილებზეც მუშაობს. 2027 წელს ბრენდი საკუთარი ელექტრომობილის პლატფორმაზე შექმნილი მოდელის გამოშვებას აპირებს, ხოლო ჩინურ Changan-თან თანამშრომლობის ფარგლებში ახალი ელექტრომობილებისა და კროსოვერების განვითარებას აგრძელებს.