ჩინური კომპანია Pony.ai, მგზავრთა გადაყვანის პლატფორმა inDrive და ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია NVIDIA ყაზახეთში უპილოტო ტაქსების დანერგვის შესაძლებლობას შეისწავლიან. პარტნიორებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიზანიც ავტონომიური ტრანსპორტის სატესტო პროექტის მომზადებაა.
პროექტის პირველი ეტაპი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში იგეგმება. Pony.ai რობოტაქსის მეშვიდე თაობის ავტომობილებსა და ავტონომიური მართვის ტექნოლოგიას უზრუნველყოფს, inDrive კი მგზავრების გამოძახების პლატფორმასა და მომსახურების ორგანიზებაზე იქნება პასუხისმგებელი. NVIDIA პროექტს ტექნოლოგიურ მხარდაჭერას გაუწევს, მათ შორის Hyperion-ის ავტონომიური მართვის პლატფორმისა და Halos-ის უსაფრთხოების სისტემის გამოყენებით.
კომპანიების განცხადებით, ჯერ კიდევ შესაფასებელია პროექტის ტექნიკური, საოპერაციო, სამართლებრივი და კომერციული მხარეები. რობოტაქსის სატესტო რეჟიმში გაშვება ყაზახეთის მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ იგეგმება. შესაბამისად, მომსახურების ამოქმედების ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.
საწყის ეტაპზე განიხილება SAE-ის კლასიფიკაციით მე-4 დონის ავტონომიური მართვის მქონე ავტომობილების გამოყენება. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, ავტომობილმა განსაზღვრულ პირობებსა და ტერიტორიებზე ადამიანის უშუალო მართვის გარეშე იმოძრაოს.

ყაზახეთის არჩევა პროექტის პირველ ბაზრად ქვეყანაში უპილოტო ტრანსპორტისთვის სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბებას უკავშირდება. ამასთან, ასტანის მკაცრი ზამთარი და ხანგრძლივი თოვლიანი პერიოდები ავტონომიური მართვის სისტემებისთვის დამატებითი გამოცდა იქნება. ტექნოლოგიას მოუწევს გაუმკლავდეს რთულ საგზაო პირობებს, მოყინულ გზებსა და შეზღუდულ ხილვადობას.
Pony.ai-ის რობოტაქსები ჩინეთის რამდენიმე ქალაქში უკვე მუშაობს მძღოლის გარეშე. კომპანია საერთაშორისო ბაზრებზეც აფართოებს საქმიანობას და 2026 წლის ბოლომდე საკუთარი რობოტაქსების ფლოტის 3 500 ავტომობილამდე გაზრდას გეგმავს.
ყაზახეთში პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ასტანა ცენტრალურ აზიაში Pony.ai-ის ტექნოლოგიის პირველი სატესტო ბაზარი გახდება. საწყისი ეტაპის შედეგების მიხედვით, პარტნიორები შეაფასებენ მომსახურების ქვეყნის სხვა ქალაქებსა და inDrive-ის სხვა ბაზრებზე გაფართოების შესაძლებლობას.