LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-ს მეპატრონეებმა კომპანიასთან სასამართლო დავა წააგეს – სარჩელი ავტოპილოტს შეეხებოდა

184
ქირიას NEWS შაბლონი


სამხრეთ კორეის სასამართლომ Tesla-ს მფლობელების კოლექტიური სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსარჩელეები ამერიკული კომპანიისგან იმ თანხის დაბრუნებას მოითხოვდნენ, რომელიც მათ ავტომობილისთვის განკუთვნილ Full Self-Driving-ის ფუნქციებში გადაიხადეს, თუმცა დაპირებული შესაძლებლობებით წლების განმავლობაში სრულფასოვნად ვერ სარგებლობდნენ.

სარჩელი Tesla-ს წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2024 წელს შეიტანეს. მფლობელების განცხადებით, ავტოპილოტისა და ავტომატური პარკირების ფუნქციების დანერგვის გაჭიანურება ხელშეკრულების პირობების დარღვევა იყო. სასამართლომ კი მიიჩნია, რომ ფუნქციების ამოქმედების შეფერხება დასაშვები იყო.

საქმეში 89 მოსარჩელე მონაწილეობდა. თითოეული მათგანი კომპენსაციის სახით 9 მილიონ ვონამდე თანხას, დაახლოებით 5 800 დოლარს, ითხოვდა. მათი პრეტენზია ეხებოდა იმას, რომ FSD-ის სრული პაკეტის საფასურის გადახდის მიუხედავად, მძღოლები წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ მის სრულად გამოყენებას.

სასამართლოს გადაწყვეტილება 29 ოქტომბერს გამოცხადდა. მოსამართლემ განმარტა, რომ Tesla-მ მოქმედი მარეგულირებელი შეზღუდვების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა. სასამართლოს შეფასებით, პროგრამული უზრუნველყოფის განახლებების მეშვეობით მომხმარებლებს ფუნქციების ნაწილი მაინც მიეწოდებოდათ, ამასთან, მათი სრულად დანერგვის კონკრეტული ვადები თავდაპირველად მკაცრად განსაზღვრული არ ყოფილა.

მოსარჩელეთა წარმომადგენლები გადაწყვეტილებას მცდარად მიიჩნევენ. მათი განცხადებით, სამხრეთ კორეაში Tesla-ს ავტომობილებზე FSD-ის სრულფასოვანი მუშაობა ტექნიკური კომპონენტების, მათ შორის კამერების, შეცვლის გარეშე შეუძლებელია. ადვოკატების შეფასებით, სახელმწიფო რეგულაციების არარსებობაზე პასუხისმგებლობის მომხმარებლებზე გადატანა უსამართლოა.

Tesla კი შეფერხების მიზეზად ადგილობრივ კანონმდებლობასა და მარეგულირებელ შეზღუდვებს ასახელებს. სასამართლომ ამ არგუმენტებს მხარი დაუჭირა და კომპანიის წინააღმდეგ შეტანილი კოლექტიური სარჩელი არ დააკმაყოფილა.