ვატიკანის მუზეუმებში გამოფენა „პაპმობილის ერთი საუკუნე“ გაიხსნა, რომელიც რომის პაპებისთვის შექმნილი ავტომობილების ისტორიას ეძღვნება. ექსპოზიციაში Mercedes-Benz-ის რვა ისტორიული ავტომობილია წარმოდგენილი, რომლებიც სხვადასხვა ეპოქაში ვატიკანს ემსახურებოდა.
გამოფენა 2026 წლის 29 ოქტომბრიდან 2027 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდება. მისი მიზანია, წარმოაჩინოს, როგორ შეიცვალა პაპების გადაადგილებისთვის განკუთვნილი ავტომობილები თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში – ოფიციალური წარმომადგენლობითი ლიმუზინებიდან სპეციალურად შექმნილ პაპმობილებამდე.
Mercedes-Benz-ისა და ვატიკანის თანამშრომლობა 1930 წელს დაიწყო, როდესაც რომის პაპმა პიუს XI Mercedes-Benz Nürburg 460 მიიღო. ეს იყო მდიდრულად აღჭურვილი Pullman-ის ტიპის ლიმუზინი, რომელიც პონტიფიკოსის საჭიროებებზე იყო მორგებული. ავტომობილს უკანა ნაწილში სპეციალური სავარძელი ჰქონდა, რომლის მოსაპირკეთებლად აბრეშუმის ქსოვილი გამოიყენეს.

ექსპოზიციაში წარმოდგენილია რამდენიმე მნიშვნელოვანი მოდელი, მათ შორის 1960 წლის Mercedes-Benz 300 d Landaulet, რომელიც პაპ იოანე XXIII გადაეცა, და 1965 წლის Mercedes-Benz 600 Pullman Landaulet, რომელიც პაპ პავლე VI-სთვის შეიქმნა. ამ ავტომობილების კონსტრუქცია საშუალებას აძლევდა პონტიფიკოსს, ღია სივრცეში გამოჩენილიყო და მრევლთან უფრო ახლო კონტაქტი ჰქონოდა.

პაპმობილის თანამედროვე სახე განსაკუთრებით 1980 წელს ჩამოყალიბდა. მაშინ რომის პაპ იოანე პავლე II გერმანიაში ვიზიტისთვის Mercedes-Benz-მა G-Class-ის ბაზაზე სპეციალური ავტომობილი შექმნა. მას ამაღლებული სავარძელი და გამჭვირვალე გუმბათი ჰქონდა, რაც პაპს ხალხისთვის უფრო ხილულს ხდიდა და ამავდროულად იცავდა.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია 1967 წლის 300 SEL Pullman, 1980 წლის 230 G, 1997 წლის S 500 Landaulet, 2002 წლის ML 430 და 2012 წლის ML 500.

ისტორიულ ავტომობილებთან ერთად დამთვალიერებლებს შეუძლიათ იხილონ 1886 წელს შექმნილი Benz Patent-Motorwagen – პირველი ავტომობილი, რომელიც კარლ ბენცმა დააპატენტა და თანამედროვე Mercedes-Benz S-Class.
ვატიკანს 2024 წლიდან პირველი სრულად ელექტრული პაპმობილიც ჰყავს. ის სპეციალურად გადაკეთებული Mercedes-Benz G 580-ია. ახალი მოდელი კიდევ ერთი ეტაპია პაპების ავტომობილების ისტორიაში და ასახავს იმას, თუ როგორ ერგება ეს განსაკუთრებული სატრანსპორტო საშუალებები თანამედროვე ტექნოლოგიებს.