LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცივი შხაპი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და გარემოსაც იცავს – შვეიცარიელი მეცნიერების კვლევა

146
ქირიას NEWS შაბლონი (6)

შვეიცარიის ბაზელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ რეგულარულ ცივ შხაპს შესაძლოა როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ისე გარემოსთვის დადებითი შედეგები ჰქონდეს. კვლევის მონაწილეები თავს უკეთ გრძნობდნენ, სამსახურში ავადმყოფობის გამო გაცდენილი დღეების რაოდენობა კი საკონტროლო ჯგუფთან შედარებით საშუალოდ 31%-ით შემცირდა.

კვლევა ფსიქოლოგმა ლენა გლაზერმა ჩაატარა. მასში 18-დან 65 წლამდე ასაკის 719 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც მანამდე ცივი შხაპის რეგულარულად მიღების ჩვევა არ ჰქონდათ. მონაწილეებს 12 კვირის განმავლობაში უნდა მიეღოთ იმდენად ცივი შხაპი, რამდენის საშუალებასაც მათი საშხაპე მოწყობილობა იძლეოდა.

კვლევის პირველ ორ კვირაში მონაწილეთა მნიშვნელოვანი ნაწილი ექსპერიმენტს გამოეთიშა, თუმცა მოგვიანებით ეს მაჩვენებელი შემცირდა. მკვლევრის ვარაუდით, ეს გარკვეულ შეჩვევის პროცესზე მიუთითებს. ექსპერიმენტის გაგრძელებისას მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ თანდათან უკეთ გრძნობდნენ თავს როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.

მკვლევრის განმარტებით, ცივი შხაპის ერთ-ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ ადამიანი ყოველდღიურ ჩვევას მცირედით ცვლის და ამ ცვლილებისგან პირად სარგებელსაც იღებს. მონაწილეები ამბობდნენ, რომ პროცედურის შემდეგ უფრო გამოფხიზლებულები და ენერგიულები იყვნენ, ამასთან, სიამაყის განცდასაც განიცდიდნენ იმის გამო, რომ საკუთარ თავს ცივი წყლის მიღება აიძულეს.

კვლევამ ცივი შხაპის გარემოსდაცვითი და ფინანსური სარგებელიც გამოკვეთა. ცივი წყლის გამოყენებისას ადამიანები, როგორც წესი, უფრო მოკლე ხნით იღებენ შხაპს, შესაბამისად, ნაკლებ წყალს მოიხმარენ და მის გასაცხელებლად საჭირო ენერგიასაც ზოგავენ.

მკვლევრების გამოთვლით, 45 ლიტრი წყლის 40 გრადუსის ნაცვლად 15 გრადუსამდე გაცხელების შემთხვევაში, ენერგიის მოხმარება 1.3 კილოვატ/საათით მცირდება. კვლევის 12 კვირიანი პერიოდის განმავლობაში თითოეულ მონაწილეზე ნახშირორჟანგის ემისია დაახლოებით 15 კილოგრამით შემცირდა, რაც ავტომობილით დაახლოებით 100 კილომეტრის გავლისას წარმოქმნილი გამონაბოლქვის ეკვივალენტურია.

ლენა გლაზერის შეფასებით, ადამიანებს გარემოს სასარგებლოდ ქცევის შეცვლა უფრო უადვილდებათ, როდესაც ეს ცვლილება მათთვის ზედმეტ შეზღუდვად არ აღიქმება და პირად სარგებელსაც იძლევა. მისი აზრით, ყოველდღიურ ცხოვრებაში მცირე ცვლილებების დანერგვა ზოგჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე მკაცრი აკრძალვები და შეზღუდვები.

მკვლევარი ხაზს უსვამს, რომ ცივი შხაპის მიღება აუცილებელი არ არის ერთბაშად და მაქსიმალურად დაბალი ტემპერატურით დაიწყოს. შესაძლებელია წყლის ტემპერატურის თანდათან შემცირება და საკუთარი შესაძლებლობების გათვალისწინება. მნიშვნელოვანია, ადამიანმა მოუსმინოს საკუთარ სხეულს და არ შეასრულოს ისეთი პროცედურა, რომელიც მის ჯანმრთელობას ან თვითშეგრძნებას აუარესებს.

ამასთან, კვლევას გარკვეული შეზღუდვებიც აქვს: უცნობია, გააგრძელეს თუ არა მონაწილეებმა ცივი შხაპის მიღება ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ. ასევე არ შეფასებულა, შეცვალეს თუ არა მათ სხვა ყოველდღიური ჩვევები გარემოს სასარგებლოდ. შესაბამისად, მიღებული შედეგები ცივი შხაპის შესაძლო სარგებელზე მიუთითებს, თუმცა მისი გრძელვადიანი ეფექტის დასადგენად დამატებითი კვლევებია საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები