წიგნში Ronaldo: The Obsession For Perfection იტალიელი ჟურნალისტი ლუკა კაიოლი არკვევს, რაც ყველაზე მეტად მოსწონს და ადარდებს კრიშტიანო რონალდოს: ოჯახი და მშობლიური მადეირა, სპორტი (ფეხბურთი, ცურვა, ჩოგბურთი და მაგიდის ჩოგბურთი), მუსიკა და მანქანები.
რონალდოს ავტოპარკი ჰოლივუდური ფილმებიდან მილიარდერების კოლექციას მოგაგონებთ. აქ არის სპორტქარები, პრემიუმ კლასის ავტოები და უნიკალური, შეზღუდული სერიის მოდელები.
ავტომანქანების რაოდენობამ ორ ათეულს გადააჭარბა, ხოლო მათმა საერთო ღირებულებამ 6 მილიონ ფუნტს მიაღწია.
თავისი პირველი მანქანისთვის კი რონალდოს დიდი ინტერესით არ შეუხედავს. „შობაზე პულტიანი მანქანა ვუყიდე, მაგრამ მას ფეხბურთის თამაში უფრო მოსწონდა“, – ამბობს რონალდოს ნათლია.
ლისაბონში რონალდო მეტროთი დადიოდა და მთელ ფულს დედას უგზავნიდა, აი მანჩესტერში კი უკვე საქმე სერიოზულად იყო.
კრიშტიანომ დაიწყო მეორადი Audi A3-ით. მერე პაპარაცებმა მიაგნეს Porsche Cayenne-სა და BMW M6-ს (იმ დროს 86 ათასი ფუნტად ფასდებოდა). გამდიდრებული ბიჭი თანდათან ეშხში შედიოდა. მალე „იუნაიტედის“ ბაზასთან გამოჩნდა ახალთახალი Bentley GT Speed (140 ათასი ფუნტი).
ჩემპიონთა ლიგის მოგება წითელი Ferrari 599 GTB Fiorano-თი აღნიშნა. ეს მოდელი 330 კმ/სთ-ით დადის და ალბათ რონალდოც ნელა არ მიდიოდა, როდესაც მანჩესტერის აეროპორტის სიახლოვეს გვირაბში ბეტონის კედელს შეასკდა.
„რეალში“ სარეკორდო ტრანსფერმა რონალდოს ახალი შესაძლებლობები გადაუშალა. სასპონსორო კონტრაქტით Audi ყოველ წელს ბოლო მოდელს ჩუქნიდა ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს. ასე გაუჩნდა რონალდოს რამდენიმე Audi.
ამბობენ, რომ 2014-ში უკვე თავად რონალდომ დააფასა ფიზიოთერაპევტის წვლილი „ოქროს ბურთის“ მიღებაში და მას ახალი ავტო აჩუქა.
მადრიდში გატარებული ცხრა წლის განმავლობაში რონალდოს უამრავი მნიშვნელოვანი შეხვედრა ქონდა და უმრავლეს მათგანზე Rolls-Royce Phantom-ითა (360 ათასი ფუნტი) და Lamborghini Aventador-ით (270 ათასი ფუნტი) დადიოდა. ამათ გარდა იყო, სუპერსტატუსური მანქანები – Maserati GranCabrio, კაბრიოლეტი Porsche 911 Carrera S და „მერსედესები“.
ისე კი, როგორც ჩანს, რონალდოს საყვარელი მანქანაა Bugatti Chiron (≈2,5 მლნ ფუნტი, 420 კმ/სთ). პორტუგალიელმა ის 2017-ში შეიძინა და მასზე CR7 ამოტვიფრა.