თაკო ოქროპირიძის სიმღერა სოხუმზე „ოქროს ტალღის“ ნომინანტია წლის სიმღერის კატეგორიაში. როგორც აღმოჩნდა, მომღერალს ამ სიმღერის შექმნა და ჩაწერა მეუღლემ გადააწყვეტინა, რომელიც სოხუმელი გახლავთ…
თაკო ოქროპირიძე:
„ოქროს ტალღის“ მიმართ, რასაკვირველია, დადებითი განწყობა მაქვს, ვინაიდან მას ვუყურებ, როგორც მომღერალი და როგორც მასპინძელი. აქამდე არ ვყოფილვარ წარდგენილი და რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, რომ ჩემი სიმღერა ნომინანტებს შორისაა. ველოდი, რადგან მასზე პროფესიონალთა გუნდმა იმუშავა, რაც შეეხება, შესრულებას, მგონი, არ გამოვიდა ურიგო, მაგრამ მსმენელმა გადაწყვიტოს (იღიმის).
როგორც მომღერალი ვიტყვი, რომ „ოქროს ტალღა“ ღირებული კონკურსია, რომელიც წლის ქართულ სიმღერას გამოავლენს. პრიზიც ძალიან სოლიდურია, 5000 ლარის ოდენობით. ეს კონკურსი ერთნაირად აძლევს საშუალებას, ახალბედას თუ უკვე გამოცდილე შემსრულებლებს, თავიანთი სიმღერები კიდევ ერთხელ წარმოაჩინონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მგონია.
რაც შეეხება სიმღერას, მე სოხუმელების რძალი ვარ. ეს სიმღერა ეძღვნება ჩემს მეუღლეს, მის ოჯახს და ყველა სოხუმელს. ხომ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს მათთვის სოხუმი… ამიტომაც მთხოვა ჩემმა მეუღლემ, გიორგი ბოლქვაძემ, რომ სოხუმზე სიმღერა ჩამეწერა. მივმართეთ კომპოზიტორ ეკა თევზაძეს, რომელმაც ჩემი აზრით, ძალიან კარგი მელოდია შექმნა, პოეტმა მანონი ბულისკერიამ კი ტექსტი სულ მცირე ხანში მოარგო. სიმღერა 2015 წლის მაისში ჩავწერე, არანჟირება ჩემს კოლეგას, გიორგი დათიაშვილს ეკუთვნის.
