კრიშტიანო რონალდომ გერმანულ გამოცემა Der Spiegel-თან სასამართლო დავა წააგო. პორტუგალიელი ფეხბურთელის იურისტებმა გერმანულ ჟურნალს იმ სტატიის გამო უჩივლეს, რომელიც Der Spiegel-მა რონალდოს მიერ გადასახადების გადახდისგან თავის არიდების მეთოდებზე გამოაქვეყნა.
იურიდიულმა კომპანიამ, რომელიც რონალდოს ინტერესებს იცავს, გერმანული გამოცემა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, რონალდოს ინტერესების დამცველები ირწმუნებოდნენ, რომ სტატიაში გამოყენებული მასალები ფეხბურთელის ადვოკატის კომპიუტერიდან ჰაკერებმა მოიპარეს.
2017 წლის თებერვალში ქალაქ ჰამბურგის სასამართლომ Der Spiegel-ს მისცა დირექტივა საიტიდან აღნიშნული სტატიის დროებით წაშლის შესახებ, თუმცა 2 აპრილს რონალდოს ადვოკატებმა სარჩელი უკან გამოითხოვეს.
შეგახსენებთ, რომ გადასახადების გადახდისგან თავის არიდების გამო კრიშტიანო რონალდო ესპანურმა სასამართლომ გაასამართლა. სასამართლოს განაჩენით, პორტუგალიელ ვარსკვლავს პირობითი სასჯელი და 18,8 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.