LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი სულ სხვაა და ამიტომ იგებს ბარსა

236
ruec190737932.36

„ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მარტივად გავიდა. „მანჩესტერის“ მორიგი ქამბექი არ შედგა. არ შედგა კი არა, საერთოდ ახლოსაც არ ყოფილა მორიგ სასწაულთან და ამის მიზეზი მართლა სასწაული კაცია – ლეო მესი. ინგლისელებმა ისე დაიწყეს თამაში, „ბარსელონას“ რომ სჩვევია, მაგრამ ასე მხოლოდ 8 წუთი გაგრძელდა, შემდეგ ბურთი მასპინლებმა დაიჭირეს, მოკლე მონაკვეთში მესიმ ორი გოლი გაიტანა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

„პირველი გოლის ეპიზოდში გამიმართლა, დარტყმა რომ ძლიერი გამოდგა. მეორე გოლის მომენტში კი კიდევ უფრო გამიმართლა“, – თქვა თავად მესიმ.

ბარსელონა-მანჩესტერ იუნაიტედი
1:0 მესი (16), 2:0 მესი (20), 3:0 კოუტინიო (61)

მესიმ ინგლისური კლუბების წინააღმდეგ 32 მატჩში 24 გოლი გაიტანა.

მესიმ 2013 წლის შემდეგ, პირველად გაიტანა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.

მესიმ ზედიზედ მეორე სეზონში გაიტანა 45 გოლი ყველა ტურნირზე.

მესიმ ამ ტურნირზე 133-ე მატჩი ჩაატარა, ინიესტას გაასწრო. “ბარსადან” მასზე მეტ შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ ჩავის აქვს მიღებული – 157.

მატჩს 96 708 მაყურებელი დაესწრო – ეს ამ სეზონში “კამპ ნოუზე” დასწრების რეკორდია.

„ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგაზე შინ 31 მატჩია არ მარცხდება (+28=3).

“ბარსელონა” პირველი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ მოედანზე 100 გოლი გაიტანა.

“ბარსელონამ” მიმდინარე ტურნირზე 7 მატჩი მოიგო და 3 ფრედ დაასრულა, ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია და თანაც, არც ერთ შეხვედრაში მდევრის როლში არ იყო.

“მანჩესტერმა” ყველა ტურნირზე უკანასკნელი 7 შეხვედრიდან 5 წააგო.

„მანჩესტერ იუნაიტედმა” თავის ისტორიაში პირველად წააგო ორი მატჩის ჯამში ოთხი ბურთის სხვაობით.

დავიდ დე ხეამ პირველად გაუშვა ერთ მატჩში სამი გოლი საჯარიმოს გარედან დარტყებით.

 

ერნესტო ვალვერდე („ბარსელონას“ მწვრთნელი):

“მატჩის დასაწყისში თამაში გასაუმჯობესებელი გვაქვს. თუმცა, მალევე გამოვასწორეთ. ვიცით, მესი ყოველთვის გამოიჩენს თავს. აქ საუბარი მარტო გოლებზე კი არა, არამედ გუნდზე თამაშზეა.
ჩვენ გვაკრიტიკებენ, მაგრამ ყველანი ადამიანები ვართ, შეცდომებს ვუშვებთ და უნდა გვესმოდეს, როგორ გავძლოთ“.

 

ოლე-გუნარ სულშერი (“მანჩესტერის“ მწვრთნელი):

“მესი ტოპ-კლასია და დღეს განსაკუთრებული როლი ითამაშა. 2:0-ზე ყველაფერი დასრულდა. ის და რონალდო სულ სხვა დონის ფეხბურთელები არიან.
“ბარსელონასავით” თამაშს უნდა ვეცადოთ. ჩვენ ეს შეგვიძლია, მაგრამ ბევრი სამუშაო გვაქვს.
თუ გვინდა, “მანჩესტერის” რეალურ დონეს დავუბრუნდეთ, “ბარსელონას” მეტოქეობა უნდა გავუწიოთ. ახლა “ბარსა” ჩვენზე რამდენიმე თავით მაღლა დგას”.

მესი:

ტრებლი? წინ კი წავედით, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. ახლა ჩემპიონატის მატჩებს უნდა დავუბრუნდეთ, არ მოვდუნდეთ და ტიტული მოვიგოთ. ასეთ შემთხვევაში ლიგის ნახევარფინალს ისე ვითამაშებთ, როგორც ეს თამაში იმსახურებს“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები