„ოქროს ტალღა 2019″ – წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც რადიოჰოლდინგი „ფორტუნა” წელს მეექვსედ ატარებს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 11 ივნისს გაიმართება. „ოქროს ტალღის” ნომინანტებს შორის მოხვდა ის სიმღერები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში რადიოჰოლდინგის ოთხი რადიოს: „არ დაიდარდოს”, „ფორტუნას”, „ავტორადიოსა” და „ფორტუნა პლუსის” ეთერში მოხვდა.
კომპეტენტური ჟიურის მუშაობის შედეგად, 8 ნომინაციაში: „წლის სიმღერა”, „წლის მომღერალი ქალი”, „წლის მომღერალი მამაკაცი”, „წლის დუეტი”, „წლის დებიუტი”, „წლის რიმეიქი”, „წლის ქალაქური სიმღერა” და „წლის ჯგუფი/ანსამბლი” სამ-სამი მთავარი ნომინანტი გამოიკვეთა. წელს პირველად, კონკურსის არსებობის ისტორიაში, „ოქროს ტალღამდე” მცირე ხნით ადრე, ნომინანტი სამეულების ვინაობა გამჟღავნდება.
24 მაისს, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა” გამართავს პრესკონფერენციას, სადაც 8 ნომინაციის სამეულები დასახელდება. „ოქროს ტალღის” სხვა ნომინაციების გამარჯვებულები, რომლებსაც რადიოჰოლდინგ „ფორტუნას” შემოქმედებითი ჯგუფი ავლენს, მათ შორის „ფორტუნას” რჩეული, წლის პროდიუსერი და მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პრიზის მფლობელი, სამეულის გამოცხადების გარეშე, პირდაპირ დაჯილდოების ცერემონიაზე დასახელდებიან. რაც შეეხება ინტერნეტრჩეულს, მის გამოსავლენად ჯერ კიდევ მიმდინარეობს ხმის მიცემა. საიტზე goldenwave.ge შეგიძლიათ, თქვენს რჩეულს მხარი დაუჭიროთ. ხმის მიცემა გაგრძელდება 10 ივნისამდე. ტრადიციულად, „ოქროს ტალღისთვის” შერჩეული ჟიურის ვინაობაც 11 ივნისს დასახელდება, ცერემონიამდე ჟიურის ყველა წევრის ვინაობა გასაიდუმლოებული გახლავთ. წლევანდელი „ოქროს ტალღა” ლეგენდარულ ჯგუფს „ქუინი” ეძღვნება. სპეციალურად ღონისძიებისთვის თბილისში ჩამოდის კანადელი შემსრულებელი მარკ მარტელი, რომელიც „ქუინის” სიმღერებს შეასრულებს.