შოთა არველაძემ უზბეკური სამწვრთნელო კარიერა მაჟორულ ნოტაზე დაასრულა. მისმა გაწვრთნილმა “ფახთაქორმა” ქვეყნის ჩემპიონობა 4 ტურით ადრე გაიფორმა, ახლახან კი თასიც მოიგო. ქართველი სპეციალისტი სამი წელია უზბეკურ გრანდში მუშაობს, საიდანაც წამოსვლ გადაწყვიტა და ამის შესახებ ფეისბუქ გვერდზე დაწერა:
“სამი წლის შემდეგ, ფახთაქორის მთავარი მწვრთნელის პოსტს ვტოვებ. მინდა გულშემატკივრებს, გუნდს, ფეხბურთელებს, ჩემს სტაფს და ყველას, ვის მხარდაჭერსაც მთელი ამ პერიოდის მანძილზე ვგრძნობდი, მადლობა გადავუხადო. მადლობას ვუხდი კლუბის პრეზიდენტ ბაბურ შოდიევს, ულუგბეკ მუჰამედოვს, დიმიტრი ადისმანს და ფახთაქორის დირექტორთა საბჭოს ყველა წევრს, რათა მომეცა შესაძლებლობა, მემუშავა ამ გუნდში. კლუბში მისვლის შემდეგ ბევრი რამ შევცვალეთ, წავახალისეთ ახალგაზრდა ფეხბურთელები და დავამკვიდრეთ მუშაობის და თამაშის ჩვენი სტილი. კლუბს ვუსურვებ, ასეთივე წარმატებით გააგრძელოს მომავალშიც. უზბეკეთში მუშაობით მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე, როგორც კარიერული, ისე ცხოვრებისეული თვალსაზრისით. მოვიგეთ 5 ტიტული და შევიძინე არაერთი მეგობარი – ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ახალი წლიდან, ახალი გამოწვევების დროა!”
სავარაუდოდ, ძალიან მალე გაირკვევა სად გააგრძელებს მუშაობას დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფორვარდი. ადრე საუბარი იყო თურქულ, ნიდერლანდურ კლუბებზე… მართალია თავის დროზე შოთას უარი აქვს ნათქვამი, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ნაკრების თავკაცის ადგილიც ვაკანტურია.