LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ რაგბს ახალი თავკაცი ჰყავს

198
111-1024x576

ბორჯღალოსნების ექს-კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტია.

მომდევნო 4 წლის განმავლობაში რაგბის კავშირს ირაკლი აბუსერიძე უხელმძღვანელებს.

გადადებული არჩევნები დღეს თბილისის “ლოკომოტივის” სარაგბო ბაზაზე გაიმართა და მასზე 20 კლუბის წარმომადგენელი გამოცხადდა, რომელთა ხმების საერთო რაოდენობა 43-ს შეადგენდა.

არჩევნებზე გამოცხადდა, მაგრამ წილისყრაში მონაწილეობა არ მიუღია “გორდას”, რომელსაც ორი ხმა ჰქონდა.

კენჭისყრის შედეგად 10 ხმა მიიღო გოჩა სვანიძემ, ხოლო ირაკლი აბუსერიძეს 31 ხმა ერგო და რაგბის კავშირის პრეზიზდენტად აირჩიეს.

მესამე კანდიდატმა ბაჩო ხურციძემ კი – 0 ხმა. მისი თქმით, არჩევნები არალეგიტიმურია და შედეგების გასაჩივრებას აპირებს.

„ყველას დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ის ბზარი, რომელიც ბოლო დროს რაგბში გაჩნდა და მზად ვართ თანამშრომლობისთის ყველასთან, რადგან თქვენი გვერდში დგომის გარეშე ქართული რაგბი წინ ვერ წავა“ – განაცხადა კენჭისყრის დასრულების შემდეგ აბუსერიძემ.

რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტის, გოჩა სვანიძის თქმით, ირაკლი აბუსერიძის არჩევით აბსოლუტურად ლოგიკური და კანონზომიერი შედეგი დადგა.

,,დადგა აბსოლუტურად ლოგიკური და კანონზომიერი შედეგი, მოგება და წაგება არ არის მთავარი. მე არასდროს არ ვყოფილვარ დამოუკიდებელი კანდიდატი, ყოველთვის ვიყავი გუნდის წარმომადგენელი და 4 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი რაგბის კავშირს, რომ რაგბის ავტონომია შემენარჩუნებინა. დღეს რაგბის ავტონომია ისევ დგას საფრთხის ქვეშ და ირაკლი აბუსერიძეს მოუწევს ამ ტვირთის ტარება. მინდა მას ვუსურვო წარმატება და შეძლებისდაგვარად გვერდში დავუდგეთ. თუ რაიმეს გაკეთება შემეძლება იმისთვის, რომ რაგბი განვითარდეს რა თქმა უნდა, თანამშრომლობას არცერთ კანდიდატთან არ დავიზარებ. გული მტკივა, რომ ბაჩო ხურციძე ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა, მას ნამდვილად ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია რაგბისთვის და დიდი პოტენციალი აქვს“, – განაცხადა გოჩა სვანიძემ.

პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, მოხდა გამგეობის წევრების არჩევა, რომელიც ასე გამოიყურება:

მამუკა ნამიჩეიშვილი, ალექსანდრე საკანდელიძე, გიორგი ქოპილაშვილი, დავით კაკაბაძე, კახა მხეიძე, სოსო მაისურაძე, ბობა კვინიხიძე, გოჩა სვანიძე, გიორგი სოსელია, გივი ჩხარტიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები